კატალონიის ხელისუფლებამ აეროპორტების ოპერატორ კომპანია Aena-ს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბარსელონას აეროპორტის გაფართოების ნებართვა მისცა. სამუშაოები 3.2 მლრდ ევროდ არის შეფასებული.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კერძოდ, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროს, კატალონიის მთავრობასა და Aena-ს შორის დადებული შეთანხმება ბარსელონა-ელ პრატის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ასაფრენი ბილიკის გაფართოებასა და დამხმარე ტერმინალის მშენებლობას, ასევე, 1-ელი და მე-2-ე ტერმინალებისა და ავტოსადგომის რემონტს ითვალისწინებს.

მოელიან, რომ აეროპორტის გაფართოება კატალონიის დედაქალაქში აშშ-დან და აზიიდან პირდაპირი რეისების რაოდენობას გაზრდის, რომლებიც ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიისთვის სასურველი ბაზრებია.

Aena-ში აცხადებენ, რომ ახალი ტერმინალი აეროპორტის ტევადობას წელიწადში ამჟამინდელი 55 მილიონიდან 70 მლნ მგზავრამდე გაზრდის.

ასევე, შეთანხმების თანახმად, ლობრეგატის სასოფლო-სამეურნეო მიმდებარე პარკის, თითქმის, 300 ჰექტარი კვლავ დაჭაობდება, რომ გარემოზე სამშენებლო სამუშაოების პროგნოზირებული ზემოქმედება დაკომპენსირდეს.

www.bpn.ge