ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს კი წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომელმაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირას დატოვა.
ყოფილ მოკავშირეებს, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოების მიზეზი ხარჯების შესახებ კანონპროექტი გახდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი მხარს უჭერს.
კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
„ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, რესპუბლიკელები კი სენატში წარმოდგენილი იქნებოდნენ 51/49 თანაფარდობით. როგორი უმადურობაა“, – წერს მასკი.
მანამდე დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან ერთად მედიასთან საუბრისას თქვა, რომ იმედგაცრუებულია ილონ მასკით.
ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.
ილონ მასკმა, ასევე, სოციალურ ქსელში გააზიარა დონალდ ტრამპის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული განცხადებები, რომლებშიც ტრამპი სახელმწიფო ვალის და საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას აკრიტიკებდა.
„ბრძნული სიტყვები“, – წერს მასკი.