აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდების გამო ბაქოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული.
"რუსულ მხარესთან გამოვხატეთ კატეგორიული პროტესტი 2025 წლის 27 ივნისს რუსი ძალოვნების მიერ საცხოვრებელ სახლებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობდნენ, ჩატარებული რეიდების გამო, რის შედეგადაც მხეცურად მოკლეს ორი აზერბაიჯანელი, რამდენიმე ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა, ხოლო ცხრა პირი დააკავეს." - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი რუსეთისგან ელის ამ საქმის "დაუყოვნებლივ გამოძიებას" და დამნაშავეების დასჯას "უმოკლეს ვადაში".
რუსული მედიები Ura.ru და E1.ru წერდნენ, რომ 27 ივნისს ეკატერინბურგში დააკავეს აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ იუნის პაშაევის მკვლელობის საქმესთან, რაც 2001 წელს მოხდა. Ura.ru-ს ცნობით, რეიდების დროს მოკვდა ორი ადამიანი.
E1.ru-ს ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილები, ძმები ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები შეუძლოდ გახდნენ პოლიციის ვიზიტის შემდეგ. აზერბაიჯანული მედია Trend-ი წერდა, რომ ორივე ძმა მკვდარია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსულ მედიასთან საუბარში თქვეს, რომ ეკატერინბურგში გასულ წლებში მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა და დააკავეს რამდენიმე ადამიანი. მათ არ დაუკონკრეტებიათ დაკავებულთა რიცხვი.
РБК-სთან საუბარში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დაკავებული აზერბაიჯანელები ფიგურირებდნენ 2001, 2010 და 2011 წელს მომხდარ მკვლელობებში.