ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის სია – Forbes 400 გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ტარიფებმა, ინფლაციამა თუ დასაქმების ზრდის შენელებამ ამერიკელი მილიარდერების ქონებაზე გავლენა ვერ მოახდინა და ისინი არასდროს ყოფილან ისეთი მდიდრები, როგორც ახლა.
აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის ქონება რეკორდულ 6.6 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საფონდო ბირჟების ზრდისა და ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, მათი სიმდიდრე 1.2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.
ათი წლის წინ, Forbes 400-ში მოსახვედრად მინიმუმ 1.7 მილიარდი დოლარი იყო საჭირო და 3.8 მილიარდი დოლარის ქონებით რეიტინგის ზედა ნახევარში თავისუფლად აღმოჩნდებოდით – ახლა ეს თანხა სიაში მოსახვედრად მინიმალური მოთხოვნაა. მიუხედავად ამისა, 14 ახალწვეული, მათ შორის ოთხის ქონება 10 მილიარდი დოლარი ან მეტია, ამერიკის ყველაზე ელიტურ კლუბში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის Forbes 400-ის სიაში შემავალი მილიარდერების ნახევარზე მეტი ოთხ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში ცხოვრობს. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, კალიფორნიამ იაპონიას გაუსწრო და წელს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა გახდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის კვლავ Forbes 400-ის ყველაზე მეტი წევრის საცხოვრებელი ადგილია. წლევანდელ სიაში კალიფორნიაში მცხოვრები 85 მილიარდერია, გასული წლის 83-თან შედარებით, და მათი ქონება ჯამში 1.7 ტრილიონი დოლარია.
ამერიკის 15 „სენტიმილიარდერი“ (რომელთა ქონება 12 ციფრს შეადგენს), ხუთი კალიფორნიაში ცხოვრობს, მათ შორის Oracle-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ლარი ელისონი (ქონება Forbes 400-ში: 276 მილიარდი დოლარი). მან 2023 წლის სიის შემდეგ პირველად დაიბრუნა შტატის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი Meta-ს აღმასრულებელი დირექტორისგან, მარკ ცუკერბერგისგან (ქონება Forbes 400-ში: 253 მილიარდი დოლარი).
რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს, რომლის ქონება Forbes 400-ის სიაში 428 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ის ტეხასის შტატში ცხოვრობს. 2025 წლის Forbes 400-ის სიაში მოხვედრილი მილიარდერების რაოდენობით ეს შტატი მე-4 პოზიციას იკავებს. იქ სიის 43 წევრი ცხოვრობს, რომელთა ჯამური ქონება დაახლოებით $1 ტრილიონია.
10 შტატი, სადაც Forbes 400-ის ყველაზე მეტი წევრი ცხოვრობს:
1. კალიფორნია
Forbes 400-ის წევრი: 85 (+2 2024 წლიდან), ქონება $1.7 ტრილიონი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ლარი ელისონი ($276 მილიარდი)
2. ნიუ-იორკი
Forbes 400-ის წევრი: 57 (+3 2024 წლიდან), ქონება $690.9 მილიარდი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: მაიკლ ბლუმბერგი ($109 მილიარდი)
3. ფლორიდა
Forbes 400-ის წევრი: 49 (-5 2024 წლიდან), ქონება $716.3 მილიარდი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ჯეფ ბეზოსი ($241 მილიარდი)
4. ტეხასი
Forbes 400-ის წევრი: 43 (უცვლელი), ქონება $1 ტრილიონი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ილონ მასკი ($428 მილიარდი)
5. ილინოისი
Forbes 400-ის წევრი: 16 (2024 წლიდან უცვლელი), ქონება $132.8 მილიარდი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ლუკას უოლტონი ($39.8 მილიარდი)
6. პენსილვანია
Forbes 400-ის წევრი: 11 (+1 2024 წლიდან), ქონება $141.8 მილიარდი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ჯეფ იასი ($65.7 მილიარდი)
7. ჯორჯია
Forbes 400-ის წევრი: 10 (უცვლელი), ქონება $93.2 მილიარდი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებლები: დენ კეტი, ბუბა კეტი და ტრუდი კეტი უაითი (თითოეული $13.7 მილიარდი)
8. ნევადა (თანაბარი)
Forbes 400-ის წევრი: 9 (-1 2024 წლიდან), ქონება $111.7 მილიარდი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: მირიამ ადელსონი და ოჯახი ($37.9 მილიარდი)
8. მასაჩუსეტსი (თანაბარი)
Forbes 400-ის წევრი: 9 (უცვლელი), ქონება $98.8 მილიარდი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: აბიგაილ ჯონსონი ($35 მილიარდი)
10. მიჩიგანი
Forbes 400-ის წევრი: 8 (უცვლელი 2024 წლიდან), ქონება $80.1 მილიარდი
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: დენიელ გილბერტი (26.7 მილიარდი დოლარი)