ვებ სერვის Speedtest-ის მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი ლიონშია, სადაც საშუალო ჩამოტვირთვის სიჩქარე 500 Mbps-ს აღწევს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით დაყოფას, ინტერნეტ–კავშირის სიჩქარის მხრივ, საფრანგეთი ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში მესამეზე სინგაპურისა და ჰონგ-კონგის შემდეგ.
ეს წარმატება შესაძლებელი გახდა France Très Haut Débit პროგრამის წყალობით, რომელიც ათ წელზე მეტია მიმდინარეობს და შექმნილია მთელ საფრანგეთში მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის უზრუნველსაყოფად. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის წყალობით, სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია საფრანგეთის მოსახლეობის 92 პროცენტისთვის.
მაგრამ რატომ არის ლიონი ლიდერი ინტერნეტის სიჩქარით? პირველ რიგში, ეს არის დიდი ქალაქი მაღალი მოსახლეობის სიმჭიდროვით, რაც ოპერატორებისთვის ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელის მონტაჟს უფრო ეკონომიურს ხდის. მეორეც, ოთხ უმსხვილეს მობილურ ოპერატორს შორის მკაცრი კონკურენცია აიძულებს თითოეულ მათგანს, ლიონის მცხოვრებლებს კიდევ უფრო სწრაფი და იაფი ინტერნეტი შესთავაზონ. და ბოლოს, ქალაქმა დანერგა პოლიტიკა, რომელიც მობილურ ოპერატორებს საშუალებას აძლევს მიიღონ გარკვეული სტიმულები მათი მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.