ჩემი ინფორმაციით, ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შემდეგ მათი საშუალო ხელფასი 700 ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა მარინა სახვაძემ bm.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს მაჩვენებელი მეტყველებს, რომ 2023 წელს ამოქმედებულ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ექთნის მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა, დადებითი ეფექტი აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ექთნების დეფიციტი შემცირდა. როგორც მარინა სახვაძე ამბობს, დეფიციტი კვლავ დეფიციტად რჩება.
2023 წლის პირველი იანვრიდან, ექთნების მინიმალური ხელფასი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან კი, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:
- უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი) დარიცხული
- ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი) დარიცხული
- ბებიაქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი) დარიცხული
- სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი ) დარიცხული
„ექთნების საშუალო ხელფასი 700 ლარზე ნაკლები აღარ არის, მაგრამ ამან ექთნების რაოდენობაზე მაინც ვერ იმოქმედა. ისევ დეფიციტია. თუმცა პროფესიულ კოლეჯებში მსურველების რაოდენობა გაიზარდა. არცერთი კოლეჯი, რომელსაც საექთნო პროგრამა აქვს, შეუვსებელი არ დარჩენილია. კოლეჯებში ეს პროფესია მოთხოვნადი გახდა”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დეფიციტი აღმოიფხვრება, ვინაიდან ქვეყნიდან კადრების გადინება კვლავ აქტუალური პრობლემაა.
“ჩემთან კოლეჯში საექთნოზე მოსულ სტუდენტებს რომ ვკითხე, რატომ ჩააბარეს, 20-დან 10-მა მითხრა, რომ გერმანიაში უნდა წასვლა და ამიტომ ჩააბარა. გადინება ისევ აქტუალური პრობლემაა, ექთნების დეფიციტს ამიტომაც ვერ ვავსებთ”, - განაცხადა ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში 21,3 ათასი ექთანი იყო, 2023 წელს - 21,5 ათასი, ხოლო 2022 წელს 22,0 ათასი. ეს მაჩვენებლები ადასტურებს იმას, რომ ექთნების რაოდენობა იკლებს.