გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 27 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების გამანადგურებლები რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად ბალტიის ზღვის თავზე აფრინდნენ.
გამოცემის ცნობით, რუსეთის IL-20M ტიპის თვითმფრინავი კალინინგრადიდან წინასწარ წარდგენილი ფრენის გეგმის გარეშე აფრინდა და დასავლეთით, პოლონეთისა და გერმანიის მიმართულებით გაემართა.
რუსული თვითმფრინავი NATO-ს რადარების სისტემამ დააფიქსირა, რის შემდეგაც NATO-მ გერმანიის ბუნდესვერის სწრაფი რეაგირების ჯგუფს (QRA – Quick Reaction Alert) ინციდენტის შესახებ აცნობა.
გერმანიამ რუსული IL-20M-ის შესაჩერებლად ორი Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელი გაუშვა.
გერმანიის სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით, Eurofighter-ებმა ვიზუალური კონტაქტი დაამყარეს და რუსულ თვითმფრინავს ფოტოები გადაუღეს, მიუხედავად ამისა სადაზვერვო საჰაერო ხომალდმა კურსი არ შეცვალა.
რუსულმა თვითმფრინავმა კურსი მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც დაახლოებით 40 კილომეტრით მიუახლოვდა უსედომის კუნძულს.
Ukrainska Pravda-ს ცნობით, გერმანიის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა.
11:10 საათზე გერმანული Eurofighter-ები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ლაგეს ბაზაზე.
მიმდინარე წელს ეს მეცხრე ანალოგიური ოპერაცია იყო.
წყარო: tabula.ge