ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს. ინფორმაციას Time and Date ავრცელებს.

ატომური საათების გამოყენებით დედამიწაზე უმოკლესი დღე პირველად 2020 წელს დაფიქსირდა. პლანეტამ მზის გარშემო სრული ბრუნი ჩვეულებრივზე 1.05 მილიწამით სწრაფად დაასრულა, რასაც, როგორც წესი, 86.400 წამს (24 საათს) ანდომებს. მას შემდეგ დედამიწა ამ რეკორდს ყოველწლიურად, დაახლოებით, ნახევარი მილიწამით აჭარბებს.

უმოკლესი დღე, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა, 2024 წლის 5 ივლისს იყო, როცა ბრუნი 1.66 მილიწამით ადრე დასრულდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა ამ მაჩვენებელს წელსაც მიუახლოვდება, რაც 9 და 22 ივლისს, ასევე, 5 აგვისტოს მოხდება.

დღის ხანგრძლივობის მოკლევადიან ცვლილებებზე მთვარის ორბიტა მოქმედებს. პლანეტა უფრო სწრაფად მაშინ ბრუნავს, როცა მთვარე ეკვატორიდან ჩრდილოეთის ან სამხრეთის შორ მანძილზეა.

წელს სამ პროგნოზირებულ თარიღზე, ანუ 9, 22 ივლისსა და 5 აგვისტოს მთვარე ეკვატორიდან ყველაზე დიდ მანძილზე იქნება.

მეცნიერებისთვის ამ აჩქარების მიზეზი აუხსნელია, თუმცა მათი უმეტესობა თვლის, რომ პასუხი თავად დედამიწის შიგნით იმალება, ხოლო ოკეანისა და ატმოსფერული მოდელები ამ აჩქარებას არ ხსნის.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი