მადრიდის სასამართლომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იტალიელ კარლო ანჩელოტის 2014 წლის საგადასახადო პერიოდში გადასახადების დამალვისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, – ინფორმაციას ესპანური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

წყაროების ცნობით, იმავე საქმეზე მადრიდის სასამართლომ ანჩელოტის 386 361.93 ევროს ოდენობის ჯარიმაც დააკისრა და სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო დახმარებების, სუბსიდიების, საგადასახადო და სოციალური შეღავათების მიღების უფლება ჩამოართვა.

მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტი 2015 წლის სავარაუდო გადასახადების დამალვის საქმეზე გამართლდა, სასამართლომ დაადგინა, რომ განაჩენით გამოწვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ის 386 361.93 ევროს ოდენობით უნდა დაჯარიმდეს.

პროკურატურა იტალიელ სპეციალისტს მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში, ჯამში, 1 062 079 ევროს გადასახადების განზრახ დამალვაში ადანაშაულებდა – აქედან 386 361 ევრო 2014 წელს, ხოლო 675 718 ევრო 2015 წელს.

1tv.ge