კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებულ რეიდებს საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი არეულობები მოჰყვა.

„კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათიდან დილის ექვს საათამდე მოქმედებს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

10 ივნისს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე კარენ ბასმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ვანდალიზმის და ძარცვის შესაჩერებლად. მერის ინფორმაციით, 9 ივნისს, ღამით ქალაქის ცენტრში 23 მაღაზია გაიძარცვა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროს ჯიმ მაკდონელის განმარტებით, ქალაქის ცენტრში გამოცხადებული „კომენდანტის საათი“ არ ვრცელდება ამ რაიონის მცხოვრებლებზე, უსახლკარო პირებზე, აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებზე და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების თანამშრომლებზე. სხვა პირებს, რომლებიც საღამოს რვიდან დილის ექვს საათამდე ქალაქის ამ ნაწილში აღმოჩნდებიან, დააკავებენ.

მაკდონელის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ აუცილებელი გახდა ბოლო დღეებში მზარდი არეულობების გამო და ადამიანების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად.

6 ივნისიდან, მას შემდეგ რაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მიგრანტების წინააღმდეგ რეიდები დაიწყეს და ათეულობით პირი დააკავეს, ლოს-ანჯელესში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

ქალაქში, რომლის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლათინოამერიკელია, აქციები გადაიზარდა არეულობებსა და სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში. მათ დემონსტრანტების ნაწილი ქვებს და პეტარდებს ესროდა. არაერთ ქუჩაზე დაწვეს ავტომობილები და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ძალა გამოიყენეს სამართალდამცავებმაც.

ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროს ჯიმ მაკდონელის ცნობით, ბოლო ოთხ დღეში, სულ მცირე, 378 ადამიანი დააკავეს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის და საზღვაო ქვეითების კონტინგენტი გაგზავნა.

კალიფორნიის შტატის ხელისუფლება აცხადებდა, რომ სიტუაციას ადგილობრივი ძალებით გაუმკლავდებოდნენ, რის გამოც ფედერალური მთავრობისთვის დახმარება არ უთხოვიათ.

კალიფორნიის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა ლოს-ანჯელესში სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებასა და შტატის სუვერენიტეტის დამრღვევი გადაწყვეტილების მიღებაში. კალიფორნიის შტატმა სასამართლოში იჩივლა.

თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კალიფორნიის გუბერნატორს არ აქვს უნარი, შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს. ლოს-ანჯელესში ქაოსის შექმნაში ფედერალური მთავრობა დაადანაშაულა ქალაქის მერმა კარენ ბასმა.

10 ივნისს ჩრდილოეთ კაროლინაში მყოფმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალადობის დაუყოვნებლივ შესაწყვეტად და კანონიერებისა და წესრიგის აღსადგენად ყველა საშუალებას გამოიყენებენ და არ აპირებენ ელოდონ გუბერნატორს, რომელიც არასდროს დარეკავს.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა 10 ივნისს განაცხადა, რომ არალეგალურ იმიგრანტებსა და დამნაშავეებთან ბრძოლის ნაცვლად ტრამპის ადმინისტრაცია კონცენტრირებულია მასობრივ დეპორტაციაზე და განურჩევლად დევნის შრომისმოყვარე მიგრანტების ოჯახებსაც.

კალიფორნიელებისადმი ვიდეომიმართვისას ნიუსომმა თქვა, რომ ამერიკული დემოკრატია საფრთხეშია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დემოკრატიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა, ხოლო კონგრესი - უმოქმედობაში. გუბერნატორმა საზოგადოებას მშვიდობიანი გზით დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა.

გევინ ნიუსომის ვიდეომიმართვის პასუხად თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ დემოკრატიულ პარტიას სურს, ყველა ქალაქი მიგრანტებით გაავსოს.

აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.

პრეზიდენტად ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ დეპორტაციას დაექვემდებარა ათასობით მიგრანტი, მათ შორის ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით.

წყარო: რადიო თავისუფლება