კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაეთანხმა, რომ მათი ქვეყნები 30 დღის განმავლობაში ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას უნდა შეეცადონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპი და მარკ კარნი ერთმანეთს ალბერტაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. კანადის პრემიერის ოფისის ცნობით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კანადასა და აშშ-ს შორის ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დროს წამოჭრილ ძირითად საკითხებზე.
„ამ მიზნით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს მომდევნო 30 დღის განმავლობაში შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნულია კანადის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
მარკ კარნის პრესსპიკერის განმარტებით, განცხადების ფორმულირება ნიშნავს, რომ ორივე მხარეს სურს შეთანხმების მიღწევა მომდევნო 30 დღის განმავლობაში.