ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 2025 წლის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. რეიტინგი გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების მიხედვითაა შედგენილი.
დონალდ ტრამპის ტარიფებით გამოწვეული ეკონომიკური არასტაბილურობისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, ზემოხსენებული ოთხივე მიმართულებით წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა – 52.9 ტრილიონი აშშ დოლარით შემოსავლებში, 4.9 ტრილიონი აშშ დოლარით მოგებაში, 242.2 ტრილიონი აშშ დოლარით აქტივებში და 91.3 ტრილიონი აშშ დოლარით საბაზრო კაპიტალიზაციაში.
მოგების, საბაზრო ღირებულებისა და აქტივების ეს მაჩვენებლები ბოლო 20 წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც გაიზარდა, ამავე პერიოდში გაყიდვების ჯამურმა მაჩვენებელმა 140%-ით მოიმატა, რაც აჩვენებს, თუ რამდენად შეუწყო ხელი გლობალიზაციამ მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ზრდას. აშშ-ზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ Global 2000-ში იქ დაფუძნებული 612 კომპანია შედის. რეიტინგში პირველ ადგილსაც სწორედ ამერიკის უდიდესი ბანკი, JPMorgan-ი იკავებს. ის ლიდერობას ზედიზედ მესამე წელია, არ თმობს.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Amazon-ი და Microsoft-ი, ასევე სხვადასხვა სექტორის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, Saudi Aramco და Industrial and Commercial Bank of China, კვლავ ტოპ-10-ის წევრებად რჩებიან. Nvidia კი სწრაფ აღმასვლას განაგრძობს და წელს რეიტინგში 47-ე ადგილზე გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ათეულის ბოლო ადგილს Alphabet-ი და Microsoft-ი ინაწილებენ.