სამშაბათს ოქროს ფასმა უნციაზე 3,500 დოლარს გადააჭარბა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რადგან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ამ თვეში საპროცენტო განაკვეთის შემცირების მზარდმა მოლოდინმა ძვირფას ლითონზე მოთხოვნა გაზარდა.
ოქროს ფასი უნციაზე 09:47 GMT-ის მონაცემებით სტაბილური იყო 3,476.48 აშშ დოლარის ნიშნულზე, სესიის დასაწყისში რეკორდული მაქსიმუმის - 3,508.50 აშშ დოლარის ნიშნულის მიღწევის შემდეგ. ძვირფასი ლითონის ფასი წლის დასაწყისიდან 32%-ით გაიზარდა.
აშშ-ის ოქროს ფიუჩერსები დეკემბრის მიწოდებისთვის 0.9%-ით გაიზარდა და 3,546.80 აშშ დოლარს მიაღწია.
„ოქროს ფასზე დიდ გავლენას მოახდენს ის, თუ რამდენად შეესაბამება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირების გეგმა ბაზრის პროგნოზებს“, - განაცხადა ჰან ტანმა, Nemo.money-ის მთავარმა ბაზრის ანალიტიკოსმა. „მას ჯერ კიდევ საკმარისი ფუნდამენტური ზეგავლენა აქვს, ცენტრალური ბანკის შესყიდვებიდან დაწყებული უსაფრთხო თავშესაფრის მოთხოვნით დამთავრებული - განსაკუთრებით თუ სავაჭრო ტარიფები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე - მომავალ წელს“, - დასძინა მან.
ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის (CME) FedWatch ინსტრუმენტის მონაცემებით, ტრეიდერები ამჟამად 17 სექტემბერს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების 90%-იან ალბათობას ვარაუდობენ. ოქრო, რომელიც შემოსავლიანობას არ იძლევა, როგორც წესი, კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება დაბალი საპროცენტო განაკვეთების გარემოში.