დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ, პირველყოფილ დედამიწაზე რომელიღაც მოლეკულები სპონტანურად შეერწყა ერთმანეთს და ასე წარმოქმნეს სიცოცხლე. როგორც იქნა, ეს პროცესი მეცნიერებმა ლაბორატორიაში გაიმეორეს.

ჩვენი ახალშობილი პლანეტის სავარაუდო გარემო პირობების ლაბორატორიაში გამეორებისას, ქიმიკოსებმა გააერთიანეს რნმ და ამინომჟავები — გადამწყვეტი პირველი ნაბიჯი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ცოცხალი ორგანიზმების გამრავლება და მაშინ აღმოცენებული სიცოცხლე დღემდე გრძელდება.

ამ ექსპერიმენტულმა სამუშაომ შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგვცეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ურთიერთკავშირის წარმოშობის შესახებ — კავშირისა, რომელიც ნუკლეინის მჟავებსა და ცილებს შორის არსებობს.

„ცილების სინთეზისთვის, სიცოცხლე დღეს იყენებს უაღრესად კომპლექსურ მოლეკულურ აპარატს — რიბოსომას. ამ აპარატს სჭირდება ინფორმაციულ რნმ-ში ჩაწერილი ქიმიური ინსტრუქციები, რომლებსაც უჯრედის დნმ-დან გენის თანმიმდევრობა რიბოსომაში გადააქვს. ამის შემდეგ, რიბოსომა, ქარხნის საწარმოო ხაზის მსგავსად, კითხულობს რნმ-ს და ერთმანეთს აკავშირებს ამინიომჟავებს, ერთიმეორის მიყოლებით და ასე წარმოქმნის ცილას“, — განმარტავს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქიმიკოსი მეთიუ პოუნერი.

მისი განცხადებით,მათ მიაღწიეს ამ კომპლექსური პროცესის პირველ ნაწილს — წყალში, ნეიტრალურ pH-ზე ძალიან მარტივი ქიმიის გამოყენებით, ამინომჟავები რნმ-ს დაუკავშირეს. ეს ქიმია სპონტანურია, შერჩევითი და შეიძლება ადრეულ დედამიწაზე ხდებოდა.

მართალია, ვიცით, რომ სიცოცხლე პირველყოფილი დედამიწის წებოვან ტალახებში აღმოცენდა და ასე ვართ დღეს ჩვენ აქ — მაგრამ მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, როგორ მოხდა ეს პროცესი. აზროვნების ერთი მზარდი სკოლა ფსონს რნმ-ზე დებს, როგორც თვითგამრავლებად ნუკლეინის მჟავაზე, რომელიც თავისი ოსტატობის წყალობით მექანიკურ სამუშაოებსაც ასრულებს და შეუძლია სხვა ქიმიური რეაქციების კატალიზება. ამას რნმ სამყაროს ჰიპოთეზას უწოდებენ.

ცილებს თვითგამრავლება არ შეუძლიათ; ამინომჟავების ზუსტი თანმიმდევრობის ინსტრუქციები ჩაშიფრულია ნუკლეინის მჟავების თანმიმდევრობებში, ისეთში, როგორიცაა რნმ.

მიუხედავად იმისა, რომ ცილები აუცილებელ როლს ასრულებენ მრავალ ბიოლოგიურ პროცესში, ნუკლეინის მჟავის მოლეკულები უზრუნველყოფენ გადამწყვეტ ჩარჩოს მათი წარმოებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორ მოლეკულურ ნაერთს უნდა დასჭირვებოდა გაერთიანების გზის პოვნა ადრეული დედამიწის სველ, ორთქლიან გარემოში.

ვრცლად პირველ არხზე