შუა დერეფნის განვითარება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის კომერციულ ბანკებს არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს. ამის შესახებ სააგენტო Moody's-ის ბოლო პროგნოზში წერია, რასაც Trend ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით, რეგიონში კომერციული ბანკები მნიშვნელოვან პირდაპირ როლს არ შეასრულებენ, რადგან პროექტების დაფინანსების ძირითადი წყაროები მთავრობები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, საერთაშორისო განვითარების ბანკები და კერძო ინვესტორებია.
თუმცა, Moody's-ის შეფასებით, კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში მიიღონ მონაწილეობა. ამასთან, სააგენტო ქართულ ბანკებს აზერბაიჯანული და ყაზახური ბანკებისგან იმით გამოყოფს, რომ ისინი ზომიერად არიან დამოკიდებული საბაზრო დაფინანსებაზე, რასაც ძირითადად საერთაშორისო განვითარების საფინანსო ინსტიტუტებიდან გრძელვადიან დაფინანსებაზე კარგი წვდომა განაპირობებს. ეს მათი საბაზრო დაფინანსების 60%-ს შეადგენს.
Moody's-ის შეფასებით, მართალია, ქართული ბანკები, ასევე, დაფინანსების მაღალი ხარჯის წინაშე დგანან, მაგრამ შედარებით მცირე საბაზრო დაფინანსების შედეგად აზერბაიჯანულ და ყაზახურ ბანკებზე უკეთეს მდგომარეობაში არიან. მაგალითად, ყაზახეთში სახსრების, თითქმის, 80%, ხოლო აზერბაიჯანში 90% მოკლევადიანი სახსრებია, რაც დაფინანსების მაღალ ხარჯთან ერთად ხელს უშლის ბანკებს, გრძელვადიანი სესხები აქტიურად მიიზიდონ და ასეთი სესხების პორტფელები გააფართოონ.
Moody's-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორისთვის საბანკო სესხების გაცემა ყაზახეთსა და აზერბაიჯანში კვლავ შეზღუდულია, რაც ყაზახეთში მშპ-ის 25%-ს, ხოლო აზერბაიჯანში მშპ-ის 20%-ზე ნაკლებს შეადგენს. მათგან განსხვავებით საქართველოში საბანკო დაკრედიტების მოცულობა მშპ-ის 66%-ს უტოლდება.
Moody's ხაზს უსვამს, რომ მართალია, ბანკების პირდაპირი მონაწილეობა შუა დერეფნის დაფინანსებაში შეზღუდული იქნება, მაგრამ ისინი ეკონომიკური აქტივობის ზრდით მნიშვნელოვნად ისარგებლებენ.
„საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის კერძო ბანკებისთვის ეს წარმოადგენს შესაძლებლობას, სესხები გააფართოონ და დაკრედიტების დივერსიფიცირება მოახდინონ მაღალკონკურენტულ გარემოში, განსაკუთრებით, კორპორატიულ სექტორში. ისინი სუბკონტრაქტორებზე სესხების გაცემას, სამშენებლო ობიექტებზე დამხმარე სამუშაოების დაფინანსებასა და მთავარ მარშრუტზე გზების მშენებლობის მხარდაჭერას შეძლებენ. დროთა განმავლობაში ბანკები შუა დერეფნის სატრანსპორტო მომსახურების უფრო ფართო სპექტრის დაფინანსებას შეძლებენ, “ - წერია ანგარიშში.
ცნობისთვის: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი კასპიის ზღვაზე გადის და ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. 2024 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული საქონლის მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 25-ჯერ მეტად გაიზარდა და 27 ათას კონტეინერს გადააჭარბა. კერძოდ, სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 62%-ით გაიზარდა და 4.5 მლნ ტონას მიაღწია. წელს უფრო მეტად, 5.2 მლნ ტონამდე ზრდა არის პროგნოზირებული, საიდანაც 4.2 მლნ ტონა მარშრუტში მონაწილე ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე გაივლის. ამ მოცულობიდან 2.5 მლნ ტონა (96 ათასი TEU-ს ექვივალენტური) მშრალი ტვირთი, ხოლო 1.7 მლნ ტონა ნავთობია.
ჩინეთიდან თურქეთში შუა დერეფნის მარშრუტით ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების მიწოდების დრო 15 დღემდე შემცირდა.
2027 წლისთვის მარშრუტის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 10 მლნ ტონას მიაღწიოს.