რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სამშაბათს, ა.წ. 24 ივნისს, დაამტკიცა 2025 წლის ფედერალურ ბიუჯეტში ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ეკონომიკის მნიშვნელოვანი პროექტებისთვის დაფინანსების ჩამოჭრას - სეკვესტრს," - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს

პოსტში ის მიმოიხილავს რუსულ პრესაში ამ საკითხზე გამოქვეყნებულ მასალებს.

"რუსული პრესა ეხმიანება ამ ფაქტს. პრესის თანახმად, სეკვესტრი შეეხება ხუთ სახელმწიფო პროგრამას: მრეწველობის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კრემლი 2030 წლისთვის სამოქალაქო საქონლის წარმოების 40%-ით გაზრდას ითვალისწინებდა, 97,15 მილიარდი რუბლის დაფინანსებას დაკარგავს;სახელმწიფო პროგრამა „სამეცნიერო და ტექნიკური განვითარება“, 22.17 მილიარდ რუბლს დაკარგავს; ავიაციის ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხარჯები, საიდანაც კრემლი დასავლური თვითმფრინავების ჩასანაცვლებლად ათასობით სამოქალაქო თვითმფრინავის გამოჩენას ელოდა, 20%-ით შემცირდა. ახლა მასზე 39,4 მილიარდი რუბლი დაიხარჯება თავდაპირველი 49 მილიარდის ნაცვლად;„გემთმშენებლობის განვითარების“ სახელმწიფო პროგრამა 4.1 მილიარდი რუბლით, 24.1 მილიარდამდე შემცირდა;„ენერგეტიკის განვითარების“ პროგრამა 7.2 მილიარდი რუბლით შემცირდა და 62.6 მილიარდ რუბლს შეადგენს.ცვლილებების თანახმად, ნავთობისა და გაზის შემოსავლების სახით, ხაზინა წელს 8.3 ტრილიონ რუბლს მიიღებს, რაც თავდაპირველად დაგეგმილ 10.8 ტრილიონზე, 24%-ით ნაკლებია. ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველ გეგმაზე სამჯერ მეტი იქნება, 1.2 ტრილიონის ნაცვლად, 3.8 ტრილიონი რუბლზე მეტი იქნება.ა.წ. ივნისისთვის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (ФНБ) ლიკვიდური აქტივების მოცულობა 2.8 ტრილიონ რუბლამდე შემცირდა. 2022-24 წლებში მთავრობის „ყულაბა“, რომელიც წლების განმავლობაში ნედლეულიდან მიღებული ჭარბი მოგების წყალობით ივსებოდა, რუბლში ნახევარზე მეტით, ხოლო დოლარში სამჯერ შემცირდა (113.5 მილიარდი დოლარიდან 37.4 მილიარდ დოლარამდე)," - წერს საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი.