რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში “უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა” სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაანონსებული მე-18 პაკეტი “შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, განსაკუთრებით რუსული ნავთობტანკერებისა და მისი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ”.

“ნავთობზე 45 დოლარის “ჭერი” უკეთესია, ვიდრე 60, ეს გასაგებია, ეს სიმართლეა. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ნავთობზე 30 დოლარის ჭერთან ერთად მოვა. ეს ის დონეა, რომელიც ნამდვილად შეცვლის მოსკოვში აზროვნების წესს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის პროექტი რუსულ ნავთობზე “ჭერის” 60 აშშ დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე დაწევას ითვალისწინებდა, ისევე როგორც რუსული ბანკების წინააღმდეგ არსებული SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის “სრულ სატრანზაქციო აკრძალვად” გადაქცევა და მისი დამატებით 22 რუსულ ბანკზე გავრცელება.

ინტერპრესნიუსი