სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მოსამართლის განცხადებით პოლიტიკოსმა არ შეასრულა გასულ თვეში მისთვის დაწესებული სასამართლო შეზღუდვები, კერძოდ, სოციალური მედიის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია.
ახალი ბრძანების მიხედვით, ბოლსონარუს უკრძალავენ სახლიდან გასვლას და ვიზიტების მიღებას, გარდა იურისტებისა და სასამართლოს მიერ ნებადართული პირებისა. მას ასევე ეკრძალება მობილური ტელეფონის გამოყენება.
ცნობისთვის, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შედეგების არაღიარებას და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობას. სასამართლოს აზრით, მან მოკავშირეებთან ერთად დაგეგმა სახელმწიფო გადატრიალება არჩევნების შედეგების გასაბათილებლად. ამასთან, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან, რომ ის ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვდა მხარდაჭერას ამ საქმეში.