სლოვენია ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სრულად შეაჩერა ისრაელში და ისრაელიდან იარაღის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი. ლიუბლიანამ ეს გადაწყვეტილება ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტით და ევროკავშირში ერთიანი პოზიციის არარსებობით ახსნა.

ისრაელის წარმომადგენელმა გამოცემა Ynet-ს განუცხადა, რომ ემბარგო „მხოლოდ პუბლიკისთვის“ საჩვენებლად დაწესდა, რადგან ისრაელის სახელმწიფო სლოვენიასთან არ ვაჭრობს.

2024 წლის ივნისში სლოვენიის პარლამენტმა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარა. მიმდინარე წლის ივლისში სლოვენიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ორ ისრაელელ ულტრამემარჯვენე მინისტრს, იტამარ ბენ-გვირსა და ბეზალელ სმოტიჩს, რომლებსაც ძალადობის წაქეზებასა და პალესტინელების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

ამასთან, პორტუგალიის მთავრობა სექტემბერში გაეროში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას აპირებს პრეზიდენტთან და პარლამენტთან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლისაბონი „განიხილავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს პროცედურის ფარგლებში, რომელიც შესაძლოა დასრულდეს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის 80-ე სესიის კვირეულში, რომელიც სექტემბერში ნიუ-იორკში გაიმართება“.

მანამდე, მზაობა პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დასაწყებად გამოხატეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა.

ისრაელში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს, თუმცა თავად აღიარება უნდა მოხდეს ორი სახელმწიფოს საფუძველზე დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ.

მან ასევე გააფრთხილა, რომ ბერლინი უპასუხებდა ისრაელის ცალმხრივ ნაბიჯებს, მათ შორის დასავლეთ სანაპიროს შესაძლო ანექსიის შემთხვევაში.

ისრაელის ხელისუფლება მწვავედ რეაგირებს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების იდეაზე, ისრაელი ამას უსაფრთხოებისთვის საფრთხედ განიხილავს.

radiotavisupleba.ge