აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 ივნისს თქვა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მანამდე, ორი კვირის წინ, ის ამბობდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დამყარდეს ზავი სავაჭრო დაპირისპირების დასასრულებლად.

"გუშინ ჩვენ ჩინეთთან [შეთანხმებას] მოვაწერეთ ხელი," თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში, თუმცა მას დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მოგვიანებით, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა "მიაღწიეს დამატებით ურთიერთგაგებას ჟენევის შეთანხმების სისრულეში მოყვანის ჩარჩოსთან დაკავშირებით," რაშიც მან მაისში მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები იგულისხმა, როცა აშშ-მ და ჩინეთმა ზავს პირველად მიაღწიეს.

საკითხზე ინფორმირებულმა ორმა წყარომ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ მხარეებმა წერილობით ფორმატში გადაიტანეს ყველაფერი, რაზეც უკვე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ საბოლოო დოკუმენტში არ შეუტანიათ.

ამასთან, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ურთიერთგაგება ეხება იმას, თუ "როგორ შეიძლება დაჩქარდეს აშშ-ში [ჩინეთის] იშვიათი წიაღისეულის გადაზიდვების კვლავ მიწოდება".

ცნობისთვის, შვეიცარიაში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფებს, სულ მცირე, მომდევნო 90 დღის განმავლობაში, მოხსნიდნენ, რის ფარგლებშიც დამატებითი გადასახადები აშშ-მ 30%-მდე შეამცირა, ჩინეთმა კი - 10%-მდე.

გარიგების ფარგლებში, ჩინეთი ასევე აშშ-ს წინააღმდეგ არასატარიფო ზომების "შეჩერებაზე ან გაუქმებაზეც" დათანხმდა.

ამას გარდა, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები "აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო საკონსულტაციო მექანიზმის" შექმნაზეც შეთანხმდნენ, რათა "მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში საკითხებზე კომუნიკაცია იყოს შენარჩუნებული". სამინისტრო ასევე ამბობდა, რომ მხარეები კონსულტაციებს რეგულარულად ან საჭიროებისამებრ გამართავდნენ. 

წყარო: ტაბულა