ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით, თუ მიმდინარე კვირაში ირანთან მოლაპარაკებები ნაყოფიერი არ იქნება, აშშ სხვა გზას აირჩევს.
ამის შესახებ უიტკოფმა Breitbart-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"არ გვეგონა, რომ გასული კვირის მოლაპარაკებები შედეგიანად წარიმართებოდა, რადგან გარკვეულ საკითხებზე თანხმობისთვის უნდა მიგვეღწია, ვიმედოვნებ, რომ ამ კვირას ისინი ნაყოფიერი იქნება. თუ ასე არ მოხდება, საუბრები აღარ გაგრძელდება და სხვა გზას ავირჩევთ".
უიტკოფმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის წარმომადგენლებმა მასთან საუბარში დაადასტურეს, რომ ბირთვული იარაღი არ სურთ.
"ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ირანს არ უნდა ჰქონდეს ბომბი. მათაც განაცხადეს, რომ არ სურთ ბირთვული იარაღი". - აღნიშნა სპეციალურმა წარმომადგენელმა.
"ჩვენ ვიღებთ მათ სიტყვას, თუ ეს ასეა, მაშინ ურანის გამდიდრების ობიექტები უნდა დაიშალოს. მათ არ უნდა გააჩნდეთ ცენტრიფუგები, უნდა გადაამუშაონ და სხვაგან გადაიტანონ მთელი იმ მასალის მარაგი, რაც გააჩნიათ და გადავიდნენ მშვიდობიან ბირთვულ პროგრამაზე, თუ ამის სურვილი აქვთ". - თქვა უიტკოფმა.
მისი თქმით, ირანი დღეს ბევრად უფრო მოწყვლადია.
"ვფიქრობ, მათ სხვა გზა არ აქვთ. ცხადია, შეუძლიათ უარი თქვან და სცადონ პრეზიდენტ ტრამპის გამოცდა, მაგრამ ეს არაგონივრული ნაბიჯი იქნება. ამას დაპირისპირების მიზნით არ ვამბობ, ეს რეალობაა".
უიტკოფმა ინტერვიუში ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ ცუდ შეთანხმებას არ მიიღებს.
მანამდე, 26 აპრილს აშშ და ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ერთმანეთს ომანში შეხვდნენ.
The Wall Street Journal წერდა, რომ შეხვედრაზე მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული პოზიცია არსებობდა, კერძოდ, თეირანის მიერ ურანის გამდიდრების გაგრძელების საკითხზე. მოლაპარაკებები დასრულდა სერიოზული უთანხმოებებით და შეთანხმებით, რომ ისინი კვლავ შეხვედრას გეგმავენ.
წყარო: tabula.ge