პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის წინააღმდეგ მკვლელობის რამდენიმე მცდელობა მზადდებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში უნდა განხორციელებულიყო. ზელენსკის მკვლელობის ეს მცდელობა უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა აღკვეთეს.
ეს განცხადება უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა გააკეთა.
„გასულ წელს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი დააკავეს. ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ამ ქვეყანაში უმაღლესი პირების დაცვა ევალებოდათ. ამის ნაცვლად, ისინი პრეზიდენტ ზელენსკის მკვლელობას ამზადებდნენ“, - ამბობს მალიუკი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ისინი შესაფერის ადამიანებს ეძებდნენ, რომლებიც ზელენსკის მოკვლას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ტერიტორიაზე შეეცდებოდნენ.
„მათ გარდა, დაკავებული იყო კიდევ ერთი პოლკოვნიკი. ისინი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (FSB), კერძოდ მე-5 განყოფილებაში მუშაობდნენ. იმ დროს მას გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ბესედა ხელმძღვანელობდა. ამ წარუმატებლობის შემდეგ, პუტინმა ის გაათავისუფლა და FSB-ს სისტემაში მრჩევლად დააქვეითა. ეს, ჩვენი მხრივ, ძალიან რთული სამუშაო იყო. ამ საქმეს თითქმის ორი წელი, ფაქტობრივად ომის დაწყებიდან მივდევდით. ჩვენ ამ ჯგუფში ძლიერი აგენტის შეგზავნა და ტექნიკური შეღწევა მოვახერხეთ“, - განაცხადა მალიუკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გარდა, რუსმა აგენტებმა შეაგროვეს ინფორმაცია მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, კირილ ბუდანოვის შესახებ და მის მოკვლასაც შეეცადნენ.
მალიუკმა ასევე ახსენა უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა პოლონეთში, რომელიც, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამსახურთან (ISA) ერთად, თავიდან აიცილა.
„გარდა ამისა, გაააქტიურეს სამხედრო პენსიაზე გასული „კონსერვატორი“ პოლონელი, რომელსაც საბჭოთა იდეალების სჯეროდა და რომელიც ათწლეულების წინ გადაიბირეს. მას დაევალა პრეზიდენტ ზელენკის ფიზიკური განადგურება ჟეშუვის აეროპორტში. განიხილებოდ რამდენიმე ვარიანტი. ერთი იყო FPV დრონის გამოყენება, მეორე - სნაიპერის იარაღი. ჩვენ ის დავაპატიმრეთ. პოლონელმა კოლეგებმა პროფესიონალურად იმუშავეს, ეს იყო ჩვენი ერთობლივი ოპერაცია“, - განაცხადა მალიუკმა.
12 თებერვალს ზელენკიმ „გარდიანთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, მის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობების დროს, ადამიანები დაიღუპნენ.
წყარო: 1 არხი