ევროკავშირის ხელმძღვანელობამ კვლავ უარი განაცხადა „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „პფაიზერის“ გენერალური დირექტორის, ალბერტ ბურლას მიმოწერის გადაცემაზე.

საუბარია 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის 11 მაისამდე პერიოდის მიმოწერაზე, რა დროსაც მხარეებს შორის კორონავირუსის ვაქცინის შესყიდვებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ევროკომისია ამტკიცებს, რომ ეს შეტყობინებები არ შეუნახავთ.

„2021 წლის დასაწყისში, როდესაც ევროკავშირმა „პფაიზერთან“ შეთანხმება გააფორმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის 1.8 მილიარდი დოზის შესყიდვაზე, გაჩნდა დიდი ინტერესი იმის მიმართ, როგორ მოხერხდა ამ შეთანხმების მიღწევა“, – განმარტავს გამოცემა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი კომპანია „პფაიზერის“ გენერალურ დირექტორთან, ბურლასთან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით აწარმოებდა კომუნიკაციას.

„კომისიის პასუხიდან ჩანს, რომ მან გაანადგურა ან დაკარგა ეს შეტყობინებები, რადგან მიიჩნია, რომ ისინი მნიშვნელოვანი არ იყო და მათი შენახვის ვალდებულება არ ჰქონდა,“ – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ევროკომისიის პასუხი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ეს შეტყობინებები მართლაც არსებობდა.

ცნობისთვის, 2025 წლის მაისში ევროკომისიამ წააგო სასამართლო დავა, რომელიც ევროკომისიის თავმჯდომარისა და „პფაიზერის“ ხელმძღვანელობის მიმოწერის გასაჯაროებას ეხებოდა. 14 მაისს ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა „ნიუ იორკ თაიმსის“ სარჩელი, რომელმაც გაასაჩივრა ბრიუსელის უარი, გამოექვეყნებინა ეს შეტყობინებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის რეგულაციებით დადგენილია საჯარო წვდომა დოკუმენტებზე, ხოლო კომისიამ ვერ შეძლო დამაჯერებლად აეხსნა, რატომ ვერ მოიძებნა მედიასაშუალების მიერ მოთხოვნილი შეტყობინებები და რატომ მიიჩნია ეს ტექსტები, რომლებიც ვაქცინების შესყიდვის თემას ეხებოდა, უმნიშვნელოდ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი მარტინა სტევი, რომელმაც პირველმა მოითხოვა ამ მიმოწერასთან წვდომა, აცხადებდა, რომ ფონ დერ ლაიენისა და ბურლას პირადი კომუნიკაცია მრავალმილიარდიანი შეთანხმების გაფორმების დროს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, 2021 წლის გაზაფხულზე ევროკომისიამ ხელი მოაწერა კონტრაქტს„პფაიზერთან“ და მის გერმანულ პარტნიორთან, „ბიოენტექთან“, რაც ითვალისწინებდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1.8 მილიარდი დოზის მიწოდებას დაახლოებით 39 მილიარდ დოლარად. შესყიდვის ბევრი დეტალი კონფიდენციალურად დარჩა, რამაც კრიტიკა გამოიწვია. 2025 წლის 10 ივლისს, მიუხედავად ამ სკანდალისა, ევროპარლამენტმა უარი თქვა, უნდობლობა გამოეცხადებინა ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ფონ დერ ლაიენისთვის. 553 დეპუტატიდან 360-მა მხარი დაუჭირა ფონ დერ ლაიენს, 175 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა.

1tv.ge