ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის 55 მილიარდამდე დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდნენ. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში 54.6 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე.

ინიციატივა წამოაყენეს ჯინ შაჰინმა, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიულ პარტიას საგარეო საქმეთა კომიტეტში და რესპუბლიკელმა ლიზა მერკაუსკიმ. მათი გეგმის მიხედვით, უკრაინისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების მესამედი (დაახლოებით 18.2 მილიარდი დოლარი) რუსული აქტივების კონფისკაციის შედეგად მიღებულ თანხას და ევროპელი პარტნიორებისთვის იარაღის მიყიდვიდან მიღებული შემოსავლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, პროგრამის განსახორციელებლად აშშ გამოიყენებს იმ თანხებსაც, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინაში იშვიათი მეტალების მოპოვებით მიიღებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას, არამედ ამერიკული შეიარაღების მარაგების შევსებასაც. უფრო მეტიც, თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება ახალი იარაღის შესყიდვაზე, რათა ჩანაცვლდეს მოძველებული სისტემები, რომლებიც უკრაინას უკვე გადაეცა. კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას აშშ-ის პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონგრესის თანხმობის გარეშე.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე რესპუბლიკელმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინისათვის დამატებითი დახმარების გამოყოფას დაუჭიროს მხარი; მათ შორისაა სენატორი მიტჩ მაკკონელი, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა ტრამპის განზრახვას – რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები, ხოლო მოსკოვის სავაჭრო პარტნიორების მიმართ მეორადი სანქციები დაწესდეს.

გამოცემა მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მხარდაჭერა პარტიის ლიდერების მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა, მით უმეტეს, რომ რესპუბლიკელები ამჟამად სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ფლობენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც 2025 წლის იანვრამდე ოჰაიოს სენატორი იყო, 2024 წლის ივლისში განაცხადა, რომ უკრაინა „არავითარ შემთხვევაში” აღარ მიიღებს დამატებით 60 მილიარდ დოლარს კონგრესისგან.

1tv.ge