სოფლის მეურნეობის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ განსასჯელის სკამზე კორუფციის ბრალდებით მისი წინამორბედი, ოთარ შამუგია აღმოჩნდეს" - ოთარ შამუგიას შესახებ კითხვები დღეს დავით სონღულაშვილს "პირველებმა" დაუსვა.
ოთარ შამუგიას ირგვლივ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, თორნიკე კაპანაძე ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს.
"კორუფციის ექსპერტები ფიქრობენ, რომ თორნიკე კაპანაძე დამოუკიდებლად ვერ იმოქმდებდა და ფულის სავარაუდო მითვისების შესახებ მის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის იმჟამინდელ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიასაც უნდა სცოდნოდა. თუ ვინმეს წაუყენებენ ბრალს, შესაბამისად დააკავებენ. ვერაფერს ვერ გეუბნებით. გამოძებას გასცემს ყველა პასუხს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს რამდენიმე ათასი ადამიანი, შესაბამისად ვერ გეტყვით, რამდენიმე ათას ადამიანს აქვს თუ არა შესაძლებლობა მინისტრის გარეშე მიღოს გადაწყვეტილება. ცხადია აქვს. თქვენ ცდილობთ დასტრესოთ გარემო, მაგრანმ არ გამოგივათ, ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაკავებულია ხალხი, თუ კიდევ ვინმე იქნება დასაკავებელი იმასაც დააკავებენ., თუ არ იქნება, არ დააკავებენ", - აცხადებს სონღულაშვილი.
მოსამართლე ნანა შამათავამ დღეს სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
თორნიკე კაპანაძეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების გამო 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, 2021-2024 წლებში პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.
2025 წლის 18 ივლისს, „სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11პირი.