ქვანახშირი, როგორც სათბობ-ენერგეტიკული რესურსი საქართველოს მძიმე ინდუსტრიის, ძირითადად კი მეტალურგიული სექტორის მიერ საწვავად კვლავ გამოიყენება.
2025 წლის პირველ ნახევარში ამ საქონლის იმპორტი 26.3 ათას მილიონ დოლარს და 120 ათას ტონას შეადგენდა. ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
სტატისტიკის თანახმად, 26.3 მილიონი დოლარიდან 25.9 მილიონი დოლარი რუსულ იმპორტზე მოდიოდა, რაც 98%-იან წილს შეადგენს. შედარებისთვის, გასულ წელს რუსეთის იმპორტის წილი უფრო მცირე იყო, რადგანაც იმპორტში რუსეთის გარდა 5 მილიონი დოლარით თურქეთიც იყო წარმოდგენილი, ხოლო 1.3 მილიონი დოლარის ქვანახშირი საქართველომ ყაზახეთიდანაც შეიძინა.
საქართველო ადგილობრივი წარმოების ნახშირსაც მოიხმარს, ჯერჯერობით 2024 წლის შედეგები ცნობილი არაა, თუმცა 2023 წელს კომპანია "საქნახშირმა" 146 ათასი ტონა ქვანახშირის რეალიზაცია მოახდინა, ხოლო კომპანიის შემოსავალი 25.3 მილიონი ლარი იყო. თუმცა, როგორც საგარეო ვაჭრობის ანგარიში აჩვენებს ადგილობრივი წარმოების ქვანახშირი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არასაკმარისია.