ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს.

სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ კონკლავში მონაწილე კარდინალებიდან ვერც ერთმა ხმების ორი-მესამედი ვერ მოაგროვა. ამგვარად, დღეს კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა მარტას სახლში დაბრუნდებიან, სადაც მათი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული.

კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. კარდინალების გადაყვანა სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის ხდება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით.

კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და გაზეთებზე.

კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დაკრძალული.

1tv.ge