უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს განუმარტა, რომ მსგავსი მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სისტემა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას აიძულებს.

ცნობისთვის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, 23 სექტემბერს შეხვდნენ. შეხვედრა მხარეებმა დადებითად შეაფასეს. მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების განთავსების შესახებ მოწოდებას დათანხმდა.

„ტრამპს ვუთხარი, რომ ერთი რამ გვჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას გამოვიყენებთ, რადგან თუ ის გვექნება, ვფიქრობ, ეს პუტინზე დამატებით ზეწოლას მოახდენს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.