ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა პირველ სექტემბერს იხურება, მაგრამ ჯერაც უცნობია, „სენტ-ეტიენში“ დარჩებიან თუ არა ზურიკო დავითაშვილი და ლუკას სტასინი, რომელთა ტრანსფერიც, შესაძლოა, ბოლო მომენტში მაინც განხორციელდეს – ამის შესახებ წერილს გამოცემა Assemercato აქვეყნებს.

„ზაფხულის სატრანსფერი ფანჯარა მალე დაიხურება. „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობა ბოლო მომენტში ორი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის, ლუკას სტასინისა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერს არ გამორიცხავს. ეს კი დაძაბულობას ქმნის გუნდში, რომელმაც ახალგაზრდა ტალანტების შენარჩუნებასა და შედეგს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

სატრანსფერო ფანჯარა პირველ სექტემბერს დაიხურება, გულშემატკივრები მოვლენებს აკვირდებიან, რადგან იციან, რომ ბოლო დღეებში, შესაძლოა, მათი საყვარელი გუნდის შემადგენლობა შესუსტდეს. ამ პერიოდში, შესაძლოა, „სენტ-ეტიენი“ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს – ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავითაშვილისა და სტასინის მიმართა ინტერესი არსებობს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობისთვის ჯერ ოფიციალურად არავის მიუმართავს.

„სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობა შეიძლება დილემის წინაშე აღმოჩნდეს: მიმდინარე სეზონში ნიჭიერი მოთამაშეები შეინარჩუნოს ან სოლიდურ შეთავაზებაზე უარი არ თქვას და კლუბის ხაზინა შეავსოს.

გამოცდილებიდან ვიცით, რომ ტრანსფერის ბედი, შესაძლოა, ბოლო მომენტებში გადაწყდეს. ამიტომ მოლოდინი დიდია. ვინ ეცდება „სენტ-ეტიენის“ ლიდერების შეძენას და რა თანხის მიღებას აპირებს კლუბი თავისი ახალგაზრდა ვარსკვლავების საფასურად – ეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გაირკვევა“, – წერს Assemercato.

ცნობილია, რომ სტასინსა და დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებთ. ფეხბურთელებს ლიგა 2-ში თამაში არ სურთ, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ მათ შენარჩუნებას ცდილობს.

წყარო: პირველი არხი