აგარის შაქარი მთავრობისგან შეღავათებს წელსაც მიიღებს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, ქარხანა წელსაც სახელმწიფო ხელშეწყობით, აპრილიდან ამოქმედდება და წლის ბოლომდე იმუშავებს.

„აგარის შაქარი“ წლებია სახელმწიფოსგან არაპირდაპირ სუბსიდიას იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეღავათები აქვს ენერგომატარებლებსა და ლოგისტიკაზე. კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქარხანა ყოველწლიურად რამდენიმე თვით, წლის დასაწყისში, კონსერვაციის რეჟიმში გადადის.

„აგარის შაქარს“ ნედლეული ბრაზილიიდან შემოაქვს, ქარხანაში კი, ამ ნედლეულის გადამუშავება, დაფასოება და შემდეგ ბაზარზე გატანა ხდება. საწარმო არაერთხელ დადგა მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინ. 2019 წელს ქარხანამ მუშაობა იმ მიზეზით შეაჩერა, რომ კონკურენციას ვერ გაუძლო. შედეგად 500 ადამიანი უმუშევრად დარჩა, რასაც პროტესტი მოჰყვა. პანდემიის დროს კი, როცა ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერებული იყო, პრემიერმა მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას დაავალა, დახმარებოდა ქარხანას ამუშავებაში. მაშინ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების დახმარების ხელშეწყობით ახსნა. ეკონომისტები კი მთავრობის ამ ხელშეწყობის მიღმა პოლიტიკურ ნებას ხედავენ. მათივე შეფასებით, გადასახადის გადამხდელების ფულით სახელმწიფო ბიზნესს არ უნდა დაეხმაროს. რადგან მთავრობა ამ ნაბიჯით ცალკეულ კომპანიებს სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. 

აღსანიშნავია, რომ „აგარის შაქრის კომპანიის“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, შემოსავალი 71 მილიონი ლარით, 211 მილიონ ლარამდე გაზარდა. ასევე მკვეთრად გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც და ის 1.4 მილიონი ლარის ნაცვლად 12.6 მილიონი ლარი იყო. 2022 წლის განმავლობაში აგარის შაქრის ქარხანამ 86.9 ათასი ტონა ნედლეული (შაქრის ლერწამი) გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტი იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს აგარის შაქრის კომპანიაში 51%-იანი წილის მფლობელია შპს ანატოლია თრეიდ კომპანი, 16.335%-ს ფლობს შპს ნირეზოუნ-საქართველო, 24.497%-ს შპს უნივერსალ კაპიტალ გრუპი, ხოლო დარჩენილ 8.168%-ს კი ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედ /არაბთა გაერთიანებული საემიროები/ ფლობს. კომპანიის დირექტორი კი აზერბაიჯანის მოქალაქე ალხან ალიზადაა.