საქართველოში პირველი ბიო სასათბურე მეურნეობა „ბოსტანი“ პანდემიის დროს, 2020 წელს შეიქმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ბიო მეურნეობა „ბოსტანის“ დამფუძნებელი, ბექა ბარჯაძე ამბობს, მეურნეობის მოწყობის ინვესტიციამ მილიონამდე ლარი შეადგინა, მაგრამ ჯერ მოგებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან ქვეყანაში დარგის - ბიომეურნეობის მიმართ არც ინტერესი და არც მხარდაჭერა არ არის, ამ 4 წლის განმავლობაში, არანაირი დახმარება და გრანტი არ მიუღიათ.

„კომერსანტი“ ბექა ბარჯაძეს ბიომეურნეობა „ბოსტანის“ შექმნის, ინვესტიციის, გამოწვევების, პროდუქციისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდის შეიქმნა „ბოსტანი“ და როგორ ვითარდებოდა თქვენი ბიომეურნეობა?

ბექა ბარჯაძე, ბიომეურნეობა „ბოსტანის“ დამფუძნებელი: „ბოსტნის“ იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ოჯახისთვის მინდოდა ჯანსაღი პროდუქტი მეწარმოებინა. შემდეგ უკვე იმხელა ფინანსები დასჭირდა ამ საქმეს, ბიზნესად ვაქციე. სათბურების მშენებლობა ქვემო ფონიჭალაში პანდემიის დროს, 2020 წლიდან დავიწყე და იმ ბოსტნეულის მოყვანა დავიწყეთ, რაც ბავშვის რაციონში მნიშვნელოვანია.

პარალელურად დავიწყე ბიო სერტიფიცირების პროცესი, რაც საქართველოში იშვიათად ხდება. ყველა იძახის „ბიო ვარ“, „ბიო ვარო“, მაგრამ თუ სერტიფიცირება არ გაქვს გავლილი,  ბიოპროდუქტი არ გაქვს იმიტომ, რომ სათესლე მასალაც არ იყიდება აქ ბიო, შვეიცარიიდან ჩამოგვაქვს. 2021 წელს უკვე გარდამავალი სერტიფიკატი მოგვანიჭეს, 2023 წლის პირველი იანვრიდან კავკასსერტის სერტიფიკატი მივიღეთ. ჩვენი სერტიფიკატი გადის ევროპაშიც და ამერიკაშიც, უბრალოდ არ გვაქვს ჯერ იმხელა წარმოება, რომ ექსპორტზე ვიფიქროთ. 

შარშან დავიმატეთ ახალი პროდუქტები - ქათმის ხორცი და კვერცხი. გვაქვს ქათმის მეურნეობა, სადაც ქათამი ბუნებრივ პირობებში, ბუნებრივი საკვებით იზრდება და პროდუქტიც რადიკალურად განსხვავებულია მაღაზიაში ნაყიდი ქათმისგან.

ამ ხნის განმავლობაში რაიმე გრანტი ხომ არ მიგიღიათ? რამდენი იყო მეურნეობის შექმნის ინვესტიცია?

ვერც ერთი გრანტი ვერ მოგვერგო იმიტომ, რომ ჩვენი მეურნეობა თბილისშია და არც ერთი გრანტი აქ არ გაიცემა. ამიტომ ყველაფერი ჩვენი სახსრებით და შრომით შევქმენით. ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. სათბურების ფართი 1300 კვადრატია. ჩვენი მეურნეობა პირველი ბიო სასათბურე მეურნეობაა საქართველოში. ეს ისეთი დარგია, რომელსაც განვითარება სჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით ხელშეწყობა არ გვაქვს.

რომელი ბოსტნეული მოგყავთ?

ის ბოსტნეული მოგვყავს, რომელიც სასარგებლოა ბავშვებისთვის: სტაფილო, ბროკოლი, ყაბაყი, ჭარხალი, ფერადი პომიდორი, ჩერი, კიტრი და ა.შ. წელს სათესლე მასალის ჩამოტანა გვიჭიანურდება. ბაზარზე რა სათესლე მასალაც იყიდება, არც ერთი არ არის ბიო. ამიტომ შეიძლება ცოტა დაგვიგვიანდეს პროდუქციის მოყვანა.

სად ყიდით თქვენს ბიოპროდუქტს?

გვაქვს ჩვენი ფეისბუქ გვერდი - „ბოსტანი“ და პროდუქციას ონლაინ ვყიდით. ჩაბარება დავიწყეთ მაღაზიებში, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ყველა მაღაზიას თავისი იდეა აქვს და ვერ ავეწყვეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ზოგან „ბოსტანის“ სახელით ყიდდნენ იმ ბოსტნეულს, რომელიც ჩვენი არ იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არც ერთ მაღაზიაში არ შეგვეტანა პროდუქცია. ჩვენი სტაბილური მომხმარებელი გვყავს, რომლებიც თვეში 3-4-ჯერ აკეთებენ შეკვეთას.

რეალობაში ბიო ბოსტნეული ძალიან რთული მოსაყვანია. ჩვეულებრივი ბოსტნეული თუ მოდის 100%, ბიო ბოსტნეულის შემთხვევაში მოსავლიანობა 50-60%-ია. რისკებიც მეტი აქვს. მავნებელი მწერი თუ გაჩნდა, შეიძლება ბოსტნეულის 30-40% დაზიანდეს იმიტომ, რომ ქიმიას ვერ ვიყენებთ და ბუნებრივი საშუალებებით ვებრძვით მავნებლებს. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სათბური მთლიანად გაუქმებულა.

ამ ეტაპზე რა არის მთავარი გამოწვევა?

მთავარი გამოწვევა ის არის, რომ პროდუქციის პოპულარიზაცია არ ხდება. ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რა არის ბიო პროდუქცია. ფასს რომ იგებენ, ვერ ხვდებიან, რატომ უნდა გადაიხადონ კილო ბიო სტაფილოში 8 ლარი. სეგმენტი უკვე გაგვიჩნდა, ჩვენი ბაზა გვაქვს, მომხმარებლები სისტემატურად გვიკვეთავენ ბოსტნეულს, მაგრამ არის ერთ პრობლემა. მე სერტიფიცირების პროცესისთვის 3 წელი დამჭირდა, მაგრამ ჩემთან ერთად შეიძლება სხვა ვიღაცამ თქვას, რომ არის ბიო, მაგრამ რეალურად არ იყოს ბიო. ამიტომ მომხმარებლების მხრიდან ნდობა არ არის.

ბიო პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია?

ეტაპობრივად გვეზრდება მომხმარებლების რაოდენობა, მაგრამ დახმარებაც რომ იყოს, თუნდაც პოპულარიზაციის კუთხით, საკმაოდ წაგვადგებოდა.

არ გქონიათ მცდელობა, რომ მიგემართათ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის?

რომც მიგვემართა, არანაირი აზრი არ ექნებოდა იმიტომ, რომ აქცენტი სხვა რამეზე აქვთ. იმედია, სამომავლოდ ჩვენც გავხდებით მათთვის საინტერესო.

მაგრამ დარგს მხარდაჭერა ხომ სჭირდება?

მეურნეობა რომ დავიწყე, პირველივე წელს დავეჯახეთ ძალიან დიდ პრობლემას. გათბობა გაზზეა სათბურში, არ შეიძლება ქვანახშირის ან მეორადი ზეთის გამოყენება. თავიდან გვითხრეს, რომ მეურნეობაში სამომხმარებლო ტარიფი გვექნებოდა. გათბობის სისტემა გავმართეთ, რაც ძალიან დიდი თანხა დაჯდა. პირველი მოსავალი რომ დავთესეთ, წლის ბოლოს კომერციული ტარიფი მოვიდა, რამაც იმხელა ფინანსური დარტყმა მოგვაყენა, ძალიან დავზარალდით. დარგის - სასათბურე მეურნეობის იდეა იყო, რომ ზამთარში გვეწარმოებინა ბავშვებისთვის ის ბოსტნეული, რომელიც ზაფხულში მოდის, მაგრამ იმდენად ძვირია გაზი და იმდენად დიდია ხარჯი, აღარ გვიღირდა ზამთარში ბოსტნეულის მოყვანა. ქართველი მომხმარებელი არ არის იმისთვის მზად, რომ ყაბაყში 25 და 30 ლარი გადაიხადოს. ევროპაში სახელმწიფო ამ დარგს 100%-ით აფინანსებს. საქართველოში კი არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. თუ კი ვინმე უცხოელი ჩამოდის მეურნეობის განხრით, ყველა ჩვენი ბოსტნის სანახავად მოდის, სავიზიტო ბარათივით ვართ. თავიდან ეს საქმე რომ დავიწყე, მეუბნებოდნენ „გიჟი ხარო“. გაამართლა, მაგრამ მხარდაჭერა გვჭირდება. ახლა მთავარი გამოწვევა ის რის, რომ მოსავლის დაზიანება შევამციროთ.

დიდი ინვესტიცია ახსენეთ. არის თქვენი ბიზნესი მომგებიანი?

ჯერ მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ყველაზე მოთხოვნადი რომელი ბოსტნეულია?

ამ ეტაპზე აქცენტი გადავიტანეთ ქათმის ხორცზე და კვერცხზე. ძალიან მოთხოვნადია ეს პროდუქტები. 2022 წლის პირველ დეკემბერს დავიწყეთ ქათმის გაყიდვა. რომ დავაკვირდით, ბავშვის რაციონში ქათმის ხორცი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ამიტომ ბოსტნეულს ქათამიც და კვერცხიც დავამატეთ. ესენიც ონლაინ იყიდება და იმავე საღამოს 8-დან 12 საათამდე მიეწოდება მომხმარებელს. სურსათის უვნებლობის სააგენტოში ვართ დარეგისტრირებული როგორც მცირე ფერმა და 300 ფრთის ყოლის უფლება გვაქვს და ყოველთვიურად დაახლოებით 300 ფრთა ქათამს  ვაწარმოებთ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ახალი ბოსტნეულის ან პროდუქტის დამატებას ხომ არ გეგმავთ?

სუპერმარკეტების ქსელებთან თანამშრომლობას არ ვგეგმავთ. მათ დაბალბიუჯეტიანი პროდუქტი აქვთ და ჩვენი პროდუქტი ძვირი გამოდის. საკუთარი მაღაზიის გახსნას განვიხილავთ, მაგრამ ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება და ამ ეტაპზე გვირჩევნია, ისევ ონლაინ მომხმარებლების რაოდენობა გავზარდოთ და მერე ვიფიქროთ მაღაზიის გახსნაზე.