დილით ადრე, მზის ამოსვლისას, როდესაც ტყის ყველაზე ხმაურიანი ბინადრები იღვიძებენ, საირმის ტერიტორია ფრინველთა ხმებით ივსება. ორნითოფაუნით გამორჩეულ საირმეში სხვადასხვა ზონის ბუნებრივი მრავალფეროვნება ფრინველთა 150-მდე სახეობას იზიდავს, რაც მას ეკოტურიზმის განვითარების განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. ტერიტორია საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ველური ბუნების ფოტოგრაფიით გატაცებული ვიზიტორებისთვის.

საირმეში ველური ბუნების ფოტოგრაფი, ლევან ქობალია „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მიწვევით იმყოფებოდა.

ლევან ქობალია, ველური ბუნების ფოტოგრაფი: „გადასაღებად გამთენიისას, დილის 5 საათზე გავედით. ეს საუკეთესო პერიოდია სამუშაოდ. ამ დროს მზის ნათება და ფერები ბევრად უფრო შთამბეჭდავი ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გვაძლევს, ვიდრე დღის სიკაშკაშის დროს. კურორტთან ახლოს ყვითელი ბოლოქანქარა და  წყლის შაშვი გადავიღე.

მზე მაშინ ამოვიდა, როდესაც წითელ მინდორს მივუახლოვდი და ულამაზესი ხედებიც გადაიშალა. დაბარებულივით დამხვდა ხეზე კაკაჩა, რომელმაც კამერასთანაც კარგად „იმუშავა“ და ახლოს მისვლის საშუალებაც მომცა. მინდორს ჯერ - ფოთლოვანი, შემდეგ კი წიწვოვანი ტყეები მოჰყვება, გადასაღები აქაც ბევრი დაგვხვდა. შემდეგი გაჩერება კი ჩანჩქერები იყო, საიდანაც უკვე ალპური ზონა იწყებოდა.

ყოველ ახალ ბუნებრივ ზონას თავისი მობინადრეები ჰყავს და განსხვავებული მახასიათებლები აქვს. ამასთანავე, იცვლება ამინდიც და მზიანი მინდვრებიდან ნისლიან ალპურ ზონაში მოვხვდით. ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ვფიქრობ, განსაკუთრებული პეიზაჟები გადავიღეთ“.

ლევან ქობალიას ფოტოობიექტივის მთავარი სამიზნე ფრინველთა ის სახეობები იყო, რომლებიც უმეტესად მთიან რეგიონში ცხოვრობენ. საბოლოოდ კამერის ობიექტივში მოხვდნენ: კოჭობა, ველის კაკაჩა, ირაო, წითელშუბლა მთიულა, ასპუჭაკა, ყვითელნისკარტა მაღრანი, თეთრგულა შაშვი, ჭრელი კოდალა, ყვითელი ბოლოქანქარა და წყლის შაშვი.

ფრინველებთან ერთად, ფოტოგრაფის ყურადღების ცენტრში ყვავილების ნაირსახეობაც მოექცა. მათი დიდი ნაწილი ლევან ქობალიამ მაკროფოტოგრაფიით გადაიღო და, ფერად ფოთლებთან ერთად, კადრში თანმხლები მწერებიც აღბეჭდა.

ამბობს, რომ მრავალფეროვანი ლანდშაფტი და მდიდარი ეკოსისტემა მუშაობისა და მოგზაურობისათვის საინტერესო პირობებს ქმნის. ამიტომაც არ გაჰკვირვებია, როდესაც ალპურ ზონაში ტურისტების რამდენიმე ჯგუფს შეხვდა. მიიჩნევს, რომ „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარების დიდი ბუნებრივი შესაძლებლობებია. ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კი რეგიონს უფრო მიმზიდველს გახდის.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ მასშტაბური პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული 700 000 ლარის ინვესტიცია ეკოსისტემის გაჯანსაღებასა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდა.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა.