დედაქალაქის ცენტრში წლებია, ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი. კოსტავას 65-ში არსებული უძრავი ქონება, სადაც წარსულში ნავთობისა და გაზის კორპორაცია მდებარეობდა, პირდაპირი მიყიდვის წესით, 80 000 ლარად სახელმწიფომ შპს „კენ.კონსტრაქშენს“ ჯერ კიდევ 2015 წელს გადასცა.

ცხრა წლის განმავლობაში შენობის განახლებას და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „კენ.კონსტრაქშენი“ გეგმავს, თუმცა თბილისის ცენტრში სასტუმროს და საცხოვრებელი პროექტის აშენება ამ დრომდე არ განხორციელებულა.

არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდიდან ირკვევა, რომ „კენ.კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლადო წერეთელმა, მშენებლობის ვადების გახანგრძლივება არაერთხელ მოითხოვა. ფინანსური პრობლემების გამო მშენებლობის ნებართვის ვადა კომპანიას ჯერ 2018 წელს, შემდეგ 2020 წლის ივლისში, ბოლოს კი 2022 წლის ზაფხულში გაუვიდა, თუმცა მშენებლობის ვადის გაგრძელების ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა სამივე შემთხვევაში გასცა. ბოლო ინფორმაციით, პროექტის დასრულების ვადად მიმდინარე წლის ივლისი დასახელდა, თუმცა აქტიური მშენებლობა კოსტავას 65- ში ამ დრომდე არ დაწყებულა.

პროექტის მიხედვით, კოსტავას 65-ში მრავალფუნქციური შენობის მოწყობა იგეგმება. კერძოდ, არსებული 5 სართულიან შენობაზე კაპიტალური გამაგრების შემდეგ, ერთ-ნახევარი სართულის დაშენებაა დაგეგმილი. ასევე პროექტის მიხედვით, ეზოს მხრიდან სასტუმრო ფუნქციის შენობის მიშენება იგეგმება. მიწისქვეშ 2 დონიანი, 22 ავტომანქანაზე გათვალისწინებული ავტოსადგომი მოწყობაა განსაზღვრული. განმარტებითი, ბარათის მიხედვით შენობის პირველ სართულზე კომერციული, საოფისე და სასტუმროს საერთო სარგებლობის ფართები განლაგდება, დანარჩენ სართულებზე არსებულ შენობაში საცხოვრებელი ბინები, ხოლო საპროექტო შენობაში სასტუმროს ნომრები იქნება.

შპს „კენ.კონსტრაქშენის“ გენერალური დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე ნიჰად ჯაბბაროვია, დირექტორი კი ლადო წერეთელი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არაბული კომპანია შპს „ენ დი ჯეი ინვესტმენტია“.