ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შესაძლოა სამშენებლო მასალების ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს.
კერძოდ, საქართველოსთვის ირანი სამშენებლო მასალების(ცემენტი, ბეტონი, არმატურა და სხვ.) მთავარ საიმპორტო ქვეყნებს შორის მეოთხეა. ირანიდან სამშენებლო სექტორი განსაკუთრებით დიდი რაოდენობის არმატურას ყიდულობს; მაგალითისთვის, 2024 წელს ირანიდან 80.09 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 146,138 ტონა არმატურის იმპორტი მოხდა.
კომპანია „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი, მალხაზ კუნელაური "კომერსანტთან" ამბობს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - შეძლებს თუ არა ირანი იმ რაოდენობის პროდუქციის წარმოებას, რაც ქართულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თუ ირანიდან მოწოდება შემცირდება, სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდა გარდაუვალია- მით უფრო, რომ ალტერნატიული ბაზრები რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა.
„საქართველოში სამშენებლო ბაზრის მასალების დიდი ნაწილი ირანიდან არის იმპორტირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაა მიღებული, ის ზარალი, რაც ირანმა ისრაელის საჰაერო იერიშებით მიიღო, უკვე საკმაოდ დიდია. შესაბამისად, არ ვიცით, ირანი შეძლებს თუ არა საიმპორტო პროდუქცია იმ რაოდენობით შექმნას, რომელიც ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. შესაძლოა, მათი ზარალი იმ მასშტაბის იყოს, რომ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით დარჩეს. როცა მსგავსი სიტუაცია უკრაინაში შეიქმნა, მაშინ უკრაინულმა მხარემ მთელ რიგ სამშენებლო პროდუქციაზე მოწოდება ფაქტობრივად შეწყვიტა - მათ შორის ისეთ ძირითად მასალებზე, როგორიცაა ლითონი და არმატურა. თუ ირანის შემთხვევაშიც ასე წარიმართება სიტუაცია, რა თქმა უნდა, სამშენებლო მასალები კიდევ უფრო გაძვირდება. ირანის გარდა სამშენებლო მასალების ბევრი მომწოდებელი არ გვყავს. არის თურქეთი, მაგრამ არმატურა, მოსაპირკეთებელი მასალები, ცემენტი და სხვა ევროპიდან ნაკლებად შემოგვაქვს. თუ შემოდის, ის საკმაოდ ძვირია და აქტიურ სამშენებლო ბიზნესში ნაკლებად გამოიყენება. ძირითადად კერძო მშენებლები იყენებენ, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. წებო, ცემენტი, მოსაპირკეთებელი მასალები, არმატურა თუ სხვა სამშენებლო მასალები უმეტესად სამეზობლოს ქვეყნებიდან შემოდის -ირანიდან, თურქეთიდან და აქამდე უკრაინიდან, საიდანაც ომის შემდეგ წილი საგრძნობლად შემცირდა. თუ იგივე ირანის შემთხვევაშიც მოხდა, ეს, რა თქმა უნდა, მშენებლობის ფასებზე გავლენას იქონიებს. რადგანაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერჯერობით ისევ მოქმედებს და ირანში სამოქალაქო ობიექტები ნაკლებად დაინგრა, იმედს ვიტოვებ, რომ ირანის ეკონომიკა შეძლებს, შიდა მოთხოვნასაც გაუმკლავდეს და საექსპორტო პროდუქციაც აწარმოოს,“ -აღნიშნა მალხაზ კუნელაურმა.