„სანდერლენდი“ და „ნოტინგემ ფორესტი“ მზად არიან, 8 მილიონი ევრო გადაიხადონ საბა გოგლიჩიძეში, რომლის საფასურადაც „ემპოლი“ ოდნავ მეტს ითხოვს – ინფორმაციას Ontheminute-ი და Tuttomercatoweb-ი ავრცელებენ.

„როგორც ამბობენ, „სანდერლენდი“ და „ნოტინგემ ფორესტი“ „ემპოლის“ ქართველი ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შეძენას გეგმავენ. „ემპოლის“ 20 წლის ფეხბურთელის თავდაჯერებული თამაში ევროპის მრავალი კლუბის ყურადღებას იპყრობს.

იტყობინებიან, რომ „სანდერლენდი“ და „ნოტინგემ ფორესტიც“ „ემპოლის“ მიერ მოთხოვნილ ფასს დააკმაყოფილებენ, რომელიც, სავარაუდოდ, 7-8 მილიონი ევროს ფარგლებშია. გოგლიჩიძეს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვითარებას „ლაციო“ და „რომაც“ აკვირდებიან, ინგლისის პრემიერლიგიდან მზარდი ინტერესი ტრანსფერისთვის ბრძოლას მეტ ინტრიგას სძენს. როგორც ამბობენ, „სანდერლენდი“ ქართველ ფეხბურთელს შემადგენლობის განახლებისას დაცვის პოტენციურ ქვაკუთხედად განიხილავს, ხოლო „ფორესტი“ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს.

ვინ არის საბა გოგლიჩიძე?

საბა გოგლიჩიძე 20 წლის ქართველი მცველია (ამ თვეში 21 წლის ხდება), ამჟამად იტალიურ „ემპოლისა“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. მისი სიმაღლე 1.93 მეტრია. ის ცნობილია თავისი შთამბეჭდავი ფიზიკური ძალითა და დაცვის ხაზში მრავალფეროვნებით, შეუძლია ცენტრში და მარჯვენა ფლანგზე თამაში.

გოგლიჩიძემ პროფესიული კარიერა „ტორპედოში“ დაიწყო, სადაც 30 მატჩი ჩაატარა და იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც საქართველოს თასი მოიგო. ევროპულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი 2024 წელს გადადგა, როდესაც კონტრაქტი სერია A-ს „ემპოლისთან“ გააფორმა. სეზონის განმავლობაში მან 33-ჯერ ითამაშა.

საერთაშორისო ასპარეზზე გოგლიჩიძე საქართველოს წარმოადგენდა 18, 19 და 21-წლამდელთა გუნდებში. ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 2024 წლის სექტემბერში, ერთა ლიგაზე ჩეხეთთან (4:1) ჰქონდა“, – წერს ინტერნეტპორტალი Ontheminute-ი.

იტალიური Tuttomercatoweb-ი შესაძლო ტრანსფერზე უფრო დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

„საბა გოგლიჩიძე, რომელმაც „ნოტინგემ ფორესტის“ ყურადღება მიიქცია, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე „რომაში“ გადასვლასთან ახლოს იყო. ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდა და 2024/25 წლების სეზონში მისი „ემპოლი“ სერია A-დან გავარდა. ამის მიუხედავად, ქართველი მცველი კვლავ ყურადღებას იპყრობს.

„ნოტინგემ ფორესტი“ ცენტრალური მცველით დიდ ინტერესს იჩენს და მზადაა, იტალიურ კლუბს 8 მილიონი ევრო შესთავაზოს. მაგრამ „ემპოლის“ 10 მილიონი ევროს მიღება სურს. გოგლიჩიძით ასევე დაინტერესდნენ „უდინეზე“ და „პარმა“.

გოგლიჩიძის შეძენას ადრე ისეთი იტალიური კლუბები ცდილობდნენ, როგორებიცაა „იუვენტუსი“ და „მილანი“, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი სხვა მოთამაშეებზე არიან ორიენტირებულნი“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.

წყარო: პირველი არხი