გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ხარაბაძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურში 81 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის, 9 მეტყევე და 42 ტყის მცველია.
დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ეროვნული სატყეო სააგენტოს თითოეული თანამშრომლის როლზე გაამახვილა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიტიკის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და მოტივაცია. ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება, ასევე, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და მერქანზე კანონიერი ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც მოსახლეობის შეშით მომარაგების ახალი მექანიზმის დანერგვას გულისხმობს.
მინისტრმა მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა და ეკოტურიზმის განვითარება რეგიონში დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლების მიღების შესაძლებლობაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს