„ქვეყანამ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა უნდა მიიღოს, ეს გამოასწორებს ამჟამინდელ მდგომარეობას,“ - ამის შესახებ საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი იზორიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა და ავტოდაზღვევის დაბალი მაჩვენებლის მიზეზებზე ისაუბრა.
კერძოდ, საუბარია ბოლო, მეორე კვარტლის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, ავტოდაზღვევა რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ს აქვს, რაც დაახლოებით 147 ათასს ავტომობილს შეადგენს. ამ ფონზე ავტოდაზღვევით არ სარგებლობს 1.7 მილიონ რეგისტრირებულ ავტომობილზე მეტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უცნობია, ამ ავტომობილებიდან რამდენია მოქმედი.
როგორც ირაკლი იზორია აღნიშნავს, წლების მიხედვით დინამიკა თითქმის ერთ დონეზეა, რასაც რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი, დაზღვევის კულტურის ნაკლებობა თუ სხვა.
„ჩვენ წლებია ვაკვირდებით ავტომობილების დაზღვევის დინამიკას, ვიცით რომ, მესამე პირის დაზღვევა უნდა გამხდარიყო სავალდებულო და ეს კარგიც იქნებოდა, პარლამენტშიც იყო ინიცირებული, მსჯელობდნენ, მაგრამ მიღება არ მომხდარა. ავტომობილების დაზღვევის დაბალ მაჩვენებლებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ამას იწვევს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად, დაახლოებით ავტოპარკის 50%-ზე მეტი არის 15 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალფასიანი ავტომობილებია ძირითადად და მათ მძღოლებს აქვთ დაბალი შემოსავლები. ასევე, მძღოლებს ჰგონიათ, რომ დაზღვევის ფასი არის მაღალი და დამატებით ხარჯად აღიქვამენ.
მეორე მიზეზი დაკავშირებულია სისტემურ და სამართლებრივ ნაწილთან. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში სავალდებულო არის მესამე პირის და ავტომობილის დაზღვევა, თუმცა საქართველოში არ არის სავალდებულო. შესაბამისად არ ხორციელდება კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან და მძღოლებიც არ იღებენ ვალდებულებას, რომ კეთილი ნებით სადაზღვევო პაკეტი აიღონ. ასევე, დაზღვევის კულტურის ნაკლებობა გვაქვს ქვეყანაში, ტარდებოდა „პიარ“ კამპანიები, მაგრამ ეს არასაკმარისია. არ გვაქვს დაზღვევის კულტურა ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის, რომ მცირე რაოდენობის ავტომობილებია დაზღვეული.
ამას ემატება ზოგი მძღოლის მენტალიტეტი, რომ „მე არ დამემართება საგზაო შემთხვევა და რაში მჭირდება“. გარდა ამისა, ამ ყოველივეს ემატება დაუსჯელობის განცდაც, რადგან სავალდებულო არაა და არავინ არ გვაჩერებს და ითხოვს დაზღვევას. სავალდებულო რომ იყოს, ამას თავს ვერავინ აარიდებდა,“ - აღნიშნავს ირაკლი იზორია.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სადაზღვევო პაკეტებიც. იზორიას თქმით, ხშირად სადაზღვევო კომპანიები ისეთ პოლისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, რომ არამომგებიან მდგომარეობაში აყენებენ.
„კიდევ ერთი ფაქტორი დაკავშირებულია სადაზღვევო ინდუსტრიაზე. ზოგჯერ სადაზღვევო ინდუსტრია ისეთ პაკეტებს სთავაზობს მოქალაქეებს, რომ არამომგებიან პირობებში აყენებს მძღოლებს. ამ პირობებში მძღოლებს არ აქვს ნდობა სადაზღვევოების მიმართ, მათ ეშინიათ რომ თუ გადაიხდიან თანხას, ვერ მიიღებენ დახმარებას და თანხის გადაყრა მოუწევთ.
თავის მხრივ, სადაზღვევო სექტორის პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ ბიუჯეტური პაკეტები უნდა შესთავაზონ მოსახლეობას, უნდა იყოს როგორც თვიური, ასევ წლიური გადასახადის სისტემა და ეს უნდა იყოს დარეგულირებული.
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩარევა, რომ სადაზღვევო კომპანიებს დაუწესდეს მაღალი ზღვარი, კონკრეტულად უნდა იყოს ზღვარი, რომლის შემდეგაც არ იქნება დასაშვები დაზღვევის ხარჯების გაზრდა. მნიშვნელოვანია, სადაზღვევო სექტორის მხრიდან წახალისების სისტემაც, მაგალითად, ვისაც ავტომობილის დაზღვევა აქვს, რომ ისარგებლოს საწვავზე ვაუჩერებით ან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში შეღავათებით - საგადასახადო სტიმულირება მეტი უნდა იყოს“, - ამბობს ირაკლი იზორია.
საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ავტოდაზღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებს სავალდებულო მესამე პირის დაზღვევა აღმოფხვრის.
„რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ქვეყანამ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა უნდა მიიღოს; ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება ამ ნაბიჯით. შესაძლოა ადამიანმა დააზღვიოს ავტომობილი, მაგრამ დაზღვეული იყოს ავტომობილი როგორც მისი ქონება და დაზღვეული ჰქონდეს საკუთარი ჯანმრთელობა. ხშირად მძღოლები არ აზღვევენ მესამე პირს. თუ მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა და ხდება სხვისი ქონების ან ჯანმრთელობის დაზღვევა, როცა პაკეტი მხოლოდ მძღოლსა და ავტომობილზეა, არ ნაზღაურდება მესამე პირი. არის შემთხვევები, როცა მესამე პირი მკურნალობის გარეშე და დაზიანებული ავტომობილით რჩება. ამ რისკების დასაზღვევად ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ირაკლი იზორიამ.