ქართული ნაყინის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 767.5 ათასი დოლარის ღირებულების 68 ტონა ნაყინი გავიდა, ეს კი 2014 წლის შემდეგ (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები სწორედ ამ დროიდან არის ხელმისაწვდომი) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, აქ ზრდა დაახლოებით, 288%-ია. 2024 წლის 7 თვეში ნაყინის ექსპორტის მოცულობამ 198 ათასი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ნაყინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია, სადაც 516.3 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. მანამდე, უფრო კონკრეტულად კი ბოლო 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ქართული ნაყინი საერთოდ არ გადიოდა.

მეორე ადგილზე სომხეთია, წელს იქ 251.2 ათასი დოლარის ღირებულების ნაყინი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 5.759 მლნ დოლარის ღირებულების ნაყინი იყიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყნები კი იყვნენ თურქეთი (1.796 მლნ დოლარი) და უკრაინა (1.290 მლნ დოლარი). სამეულში შედის რუსეთიც, საიდანაც 2025 წლის იანვარ-ივლისში 671 ათასი დოლარის ღირებულების ნაყინი შემოვიდა.

Bpn.ge