საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ფრანგული სამოგზაურო გამოცემა Le Quotidien Du Tourisme საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტი აღწერს საქართველოს ბუნებას, მთებს, ტყეებს, სალაშქრო ბილიკებს, ცხენოსნობას, მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და ტურისტულად საინტერესო სხვა ადგილებს.

„საქართველოში სტუმარი ღვთისგან გამოგზავნილია - ეს ადგილობრივი ანდაზა საუკეთესოდ ასახავს ამ ქვეყნის სულს. კავკასიონის მთებსა და შავ ზღვას შორის მოქცეული საქართველო, ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს და თავისი ხელუხლებელი ბუნებით იზიდავს იმ მოგზაურებს, ვინც ახალი თავგადასავლების, შთამბეჭდავი პეიზაჟებისა და ავთენტური გამოცდილებების ძიებაში არიან“, - წერს Le Quotidien Du Tourisme.

სტატიაში აღწერილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც:
„მცხეთის ეკლესიები და გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, ქართული პოლიფონია კი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია - ყოველივე ეს ქვეყნის სულიერ სიღრმეს კარგად ასახავს“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი და მკითხველს ქართული ღვინის შესახებ მოუთხრობს.

„საქართველო ღვინის სამშობლოა -8 ათასწლოვანი ტრადიციით. საქართველოში თითოეული ყურძენი გამორჩეულია და ყოველი ღვინო - კულტურის განუყოფელი ნაწილი. ქვევრში ღვინის დაყენება უძველესი მეთოდია, რომელიც ასევე იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ქვეყანას 29 დაცული ღვინის ზონა და 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიში აქვს. კახეთის ვენახებში სტუმრებს ნამდვილი ისტორია ელით“, - წერს ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს ქართულ სუფრასა და კერძებს.

გამოცემის ჟურნალისტის თქმით:-„საქართველო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ქვეყანაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში საინტერესო თავგადასავლებს სთავაზობს მოგზაურებს. საქართველოში უძველესი ისტორია, ელეგანტური თანამედროვეობა და ავთენტური სტუმართმოყვარეობა ერთმანეთში ჰარმონიულად ერთიანდება“, - წერს Le Quotidien Du Tourisme.

https://www.quotidiendutourisme.com/destination/decouvrir-la-georgie-un-equilibre-rare-entre-nature-culture-et-authenticite-967831.php

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს