თანამედროვე ცხოვრებაში პლატფორმული ბიზნესის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ახალგაზრდები დღევანდელ სამყაროში უპირატესობას ისეთი ტიპის დასაქმებას ანიჭებენ, რომელიც, შემოსავლის მიღებასთან ერთად, მათ თავისუფლებასაც სთავაზობს. ტრადიციული მიდგომით დასაქმება და ფიქსირებული გრაფიკი ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული და საინტერესო ნაკლებადაა, რამდენადაც ის გარკვეულ შეზღუდვებს უკავშირდება, შესაბამისად, მუდმივად ეძებენ და ხშირად იცვლიან დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროებს. ამ მიმართულებით შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა გახდა კურიერობა, განსაკუთრებით კი, ზაფხულის სეზონზე, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში არდადეგებია და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლისგან თავისუფალი პერიოდი საზაფხულო სამუშაოს დაუთმონ.

კურიერობაზე არჩევანის გაკეთებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მათგან პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფალი სამუშაო განრიგია. ახალგაზრდები თავად ირჩევენ სამუშაო დროს და შესაბამისად - შემოსავლის მოცულობას. სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, კურიერის შემოსავალი ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებული მაღალშემოსავლიანი ადამიანების შრომის ანაზღაურებას ხშირად აღემატება.

მეორე ფაქტორია - სიმარტივე. არ არის აუცილებელი მყავდეს მანქანა და მოპედი, დღეს ველოსიპედებითაც ასრულებენ იმ შეკვეთების, რომლებიც მათთვის კომფორტულია და ტერიტორიულად  ახლოსაა. ეს მოქნილობა მათ დამატებით კომფორტს უქმნის.

მესამე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არჩევანის თავისუფლებაა. პარტნიორ კურიერს თავად შეუძლია, აირჩიოს შესასრულებელი შეკვეთა.

დამატებითი უპირატესობაა მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც პარტნიორ კურიერს ამა თუ იმ პლატფორმასთან აკავშირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტნიორ კურიერზე არ ვრცელდება ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები. გარდა იმისა, რომ სამუშაო საათებისა და განრიგის სრული თავისუფლება აქვთ, ამ სამუშაოს შესრულების მომენტში ისინი სარგებლობენ დაზღვევით და განსაკუთრებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც არ უწესდებათ.  აუცილებელია მხოლოდ მომსახურების ხარისხის დაკმაყოფილება, რაც მოიცავს მომხმარებლისადმი კეთილგანწყობას, შეკვეთის სრულყოფილად, ოპტიმალურ დროში, დაზიანების გარეშე შესრულებას და ამას აკონტროლებს პლატფორმა, რომლის პარტნიორიც ხდება კურიერი.

ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის კურიერობა დამატებითი შემოსავლის წყაროა. სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, თვეში გამომუშავებულმა თანხამ, შესაძლოა,  5000-6000 ლარს მიაღწიოს. ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული თანხა კი, ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში აძლევს შესაძლებლობას, მთელი წლის საჭიროებები დაიფინანსონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიტანის სერვისის ხელმისაწვდომობა რეგიონებში. მიტანის სერვისის კომპანიები სუ უფრო აფართოებენ თავისი მომსახურების არეალს.

ჩვენ ამ სფეროს ერთ-ერთი ლიდერის, ვოლტის მაგალითზე ვნახეთ რა ვითარებაა დედაქალაქის გარეთ.

Wolt დღეს საქართველოს 8 დიდ ქალაქში ოპერირებს, რაც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დამატებითი შემოსავლების მიღების კარგი შესაძლებლობაა. ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა - ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ვოლტთან პარტნიორობა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ხშირ შემთხვევაში უნიკალური შეთავაზებაა, რამდენადაც რეგიონებში, დედაქალაქთან შედარებით, მუშაობის შედარებით ნაკლები შესაძლებლობაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხდება მოქნილი გრაფიკით და განსაკუთრებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარეშე.

„თავიდან შეკვეთები ველოსიპედით მიმქონდა, იმიტომ, რომ სკუტერი არ მქონდა. მუშაობის პროცესში დავინახე, რომ სკუტერით უფრო სწრაფად უფრო მეტი შეკვეთის შესრულება შემეძლო, რაც ჩემთვის მეტად მომგებიანი იქნებოდა და სკუტერის ფული შევაგროვე. დაოჯახებული ვარ, რასაც კურიერობით ვიღებ, მეც მყოფნის და მშობლებსაც ვეხმარები. ზაფხულის განმავლობაში უფრო მეტი შეკვეთაა, მეტი თავისუფალი დროც მაქვს და სრულ რეჟიმში ვმუშაობ. თუ ინტენსიურად ვიმუშავე, შეიძლება რამდენიმე ათასის შემოსავალი მივიღო და თუ არა, უფრო მცირეა შემოსავალი, მაგრამ საინტერესო და კარგია, იმიტომ, რომ შენ თვითონ შეგიძლია, მოირგო გრაფიკი. მკაცრი პირობებით შეზღუდული არ ვარ. ერთადერთი, რაც მევალება, არის ის, რომ დროულად და სუფთად მივიტანო შეკვეთა. ცუდ ამინდში შესრულებულ შეკვეთებზე დამატებით ანაზღაურებას ვიღებ და ესეც კიდევ ერთი სტიმულია“, - ამბობს ნიკა გელაძე, ვოლტის პარტნიორი კურიერი ქუთაისიდან, რომელიც 26 წლისაა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტია.

„ვოლტში თანამშრომლების მცირე რაოდენობა გვყავს, რომლებიც პლატფორმის გამართულ მუშაობას და მომხმარებლის მხარდაჭერას ახორციელებენ. თუმცა პარტნიორობა გვაკავშირებს რამდენიმე ასეულ ობიექტსა და  ათასობით კურიერთან. პარტნიორ ობიექტებთან მრავალწლიანი ურთიერთობისგან განსხვავებით, ხშირად ცვალებადია პარტნიორი კურიერების კორპუსი. გარკვეულ პერიოდში ბევრი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე კურიერები, ჩამოსული უცხოელი სტუდენტებიც, რასაც მხიარული და ზოგჯერ არასასიამოვნო ისტორიებიც ახლდა, თუმცა პარტნიორი კურიერების შემადგენლობა მუდმივ ცვლილებას განიცდის. მაგალითად, ამჟამად არაქართველი კურიერების რიცხვმა ისევ მკვეთრად დაიკლო. ძირითადად, ჩვენი პარტნიორი კურიერები არიან ახალგაზრდები და ხშირად იცვლებიან, რამდენადაც კურიერობა მათთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და საინტერესო შეთავაზებაა. არიან კურიერებიც, რომლებიც ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორები არიან, მაგრამ ძირითადი ნაწილი - დაახლოებით 80% მაინც ცვალებადია და ახალი ადამიანები გვემატებიან.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ბიზნესი იმგვარად არის აწყობილი, რომ ახალგაზრდებისთვის იქმნება დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის რეგიონებში. ამასთანავე, ჩვენს პარტნიორ სავაჭრო ობიექტებსაც ეზრდებათ შესაძლებლობები და გაყიდვები. პარტნიორ ობიექტებშიც ბევრი ახალგაზრდული, დამწყები ბიზნესი და სტარტაპია, როგორც კვების ობიექტების, ისე სხვადასხვა სერვისების მიწოდების სფეროში. მათთვის ონლაინ-გაყიდვა და მიტანის სერვისით სარგებლობა, ანუ ჩვენს პლატფორმასთან თანამშრომლობა ხშირად ერთადერთი შესაძლებლობაა, ვინაიდან საწყის ეტაპზე ბიზნესის ოპერირებისთვის საჭირო ფიზიკური სივრცე არ გააჩნიათ.

ჩვენი ბიზნესის მოდელი მოწყობილია იმგვარად, რომ ბევრ ადამიანს აძლევს დამატებით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები ჩვენი კურიერები, ჩვენი სანდო პარტნიორები არიან და ჩვენ კი - მათი, ეს კი ძალიან სასიამოვნოა“, - აცხადებს ვოლტის გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია

ფოტოები: