„ჩინური ბანკების შემოსვლით სავალუტო ბაზარზე სირთულე წარმოიქმნება. საქართველო მრავალვალუტიან სივრცეში აღმოჩნდება და რომელი ვალუტა რომელს აჯობებს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა კურსი ექნება საქართველოს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა და ანალიტიკოსმა, მიხეილ თოქმაზიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა და განმარტა, თუ რა გავლენა ექნება ქართულ ბაზარზე მეტი ჩინური ბანკის გამოჩენას.
შეგახსენებთ, 2025 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მაშინ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა შემდეგი: „ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის“. სულ ახლახან „ბიზნესპრესნიუსსთან“ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა სწორედ ჩინური ბანკების საქართველოში შემოსვლის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში უფრო მეტი ჩინური ბანკის გამოჩენა გაზრდის ჩინური იუანის საერთაშორისო გადახდებში გამოყენებას, რაც „უფრო მოსახერხებელს და სტაბილურს გახდის ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტირებას“.
იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება საქართველოს საფინანსო სისტემაზე ჩინური ბანკების, კაპიტალისა და ვალუტის შემოდინებას, „ბიზნესპრესნიუსი“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრ მიხეილ თოქმაზიშვილს ესაუბრა:
„როდესაც ახალი ბანკები ჩნდება ქვეყანაში, იმ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ან ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ან საგარეო ვაჭრობა და ა.შ. რომ გადავხედოთ ბოლო მონაცემებს, ჩინეთის საგარეო ვაჭრობა საქართველოში საკმაოდ მზარდი დინამიკით გამოირჩევა, თან თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ 15 წლის წინ ჩინეთი საერთოდ არ ფიგურირებდა ათეულში, დღეს იგი ვაჭრობაში მეოთხე ადგილზეა; ამას ემატება გარკვეული ინვესტიციები, დიდი მეგაპროექტები - ამ ფონზე ლოგიკურია, რომ ჩინური ბანკები საქართველოში შემოსვლას ფიქრობენ. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, თუ გავითვალისწინებთ გლობალურ გარემოს, ამ შემთხვევაში საკმაოდ პრობლემებს გვიქმნის ის გარემოება, რომ, ერთი მხრივ, დასავლეთისკენ გვინდა, მეორე მხრივ, კი მსგავსი ტიპის მემორანდუმი იდება ჩინელებთან.
ჩინური ინვესტიციები ერთი მხრივ ავითარებს ქვეყანას, მის ეკონომიკას და ამ ინვესტიციებს შესაძლოა, მოჰყვეს გარკვეული ტექნოლოგიური ინტერვენციებიც. თუმცა, მას აქვს მეორე საკმაოდ დიდი საფრთხე, კერძოდ, მრავალი ქვეყანა, სადაც ჩინური ინვესტიციები დაბანდდა, პოლიტურად აღმოჩნდა ჩინეთის დაქვემდებარებაში და მოუწიათ იმ წესებით თამაში, რაც ჩინეთს აქვს. ამ საფრთხის თაობაზე ჩვენ ხშირად გვაფრთხილებს ევროკავშირი და დასავლეთი. ბუნებრივია, ჩინეთის ინფრასტრუქტურულმა საინვესტიციო ინტერვენციებმა შესაძლოა, შექმნას მსგავსი საფრთხე საქართველოში, მაგრამ დღეს ეს საშიშროებას არ წარმოადგენს, ჩინური ინდექსით საქართველო არ არის საფრთხის ზონაში, ამიტომ საშუალოვადიან პერიოდში რაიმე უარყოფით პოლიტიკური ზეგავლენა შესაძლოა არ ჰქონდეს პროცესებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებული დინამიკით განვითარდება პროცესები და არ მოხდება რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება.
„ჩინური ბანკები შექმნის სავალუტო რყევებს - ლარს არაფერი გააძლიერებს“
მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ჩინური ბანკების შემოსვლით სავალუტო ბაზარზე სირთულე წარმოიქმნება. საქმე იმაშია, რომ ჩინური ბანკების შემოსვლა აუცილებლად მოითხოვს იუანში ვაჭრობას, გარკვეული რეზერვების არსებობას, ქართული ბანკები უფრო მოქნილი უნდა გახდეს, რადგან ბაზარზე გამოჩნდება ბევრი ბარათი, რომელიც ჩინურ პლატფორმებზე იმუშავებს. ამგვარად, საქართველო გარკვეულწილად მრავალვალუტიან სივრცეში აღმოჩნდება და აქ რომელი რომელს აჯობებს, ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა კურსი ექნება საქართველოს.
დღეს დასავლეთის ინვესტიციები მცირდება გარკვეულწილად იმ პოლიტიკური მდგომარეობის გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ამ ფონზე ჩინური ინვესტიციების გაზრდა, სავარაუდოდ, უკან დახევს დოლარს, თუმცა დოლარი, ჩემი მოსაზრებით, მაინც შეინარჩუნებს თავის ადგილს საშუალოვადიან პერიოდში. საქართველო იქნება წინააღმდეგობრივი ტერიტორია იუანისა და დოლარისთვის, რაც გარკვეულწილად გამოიწვევს სავალუტო რყევებს, შეიქმნება მაკროეკონომიკური რისკები და აქედან გამომდინარე, ძნელი იქნება იმის პროგნოზირება, თუ საით წავალთ საბოლოოდ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ საქართველო თანდათანობით დაკარგავს თავის მონეტარულ დამოუკიდებლობას, ლარს არაფერი გააძლიერებს და ეროვნული ბანკი იძულებული გახდება, რომ ევროსა და დოლარის რეზერვები შეამციროს და გაზარდოს იუანის რეზერვები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველო იქნება ორმაგი დაპირისპირების ეპიცენტრში.
რაც შეეხება იმას, თუ როდის გამოჩნდება ეფექტი, არ მგონია, რომ მოკლევადიან პერიოდში რამე სერიოზული გარდატეხა მოხდეს, საშუალოვადიან დინამიკაში გამოჩნდება საით მიდის ქვეყანა და გრძელვადიან პერიოდში საქართველოს კურსთან მიმართებაში მეტი კითხვა გაჩნდება. თუ ღრმად შეტოპა საქართველომ, არსებობს რისკი, რომ ვერ გამოვიდეს დაპირისპირებიდან და აღმოჩნდეს ქაოტურ მდგომარეობაში“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში მიხეილ თოქმაზიშვილმა.