„წლებია ამ საქმეში უშუალოდ ვარ ჩართული და 3 ვენახს ვუვლი. აქამდეც სერიოზული გამოწვევა იყო, რომ ვენახისთვის მიგეხედა, რადგან პრაქტიკულად, იგივე ხარჯი გამოდის, რასაც შემდეგ შემოსავლის სახით იღებ“, - „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ კომპანიის „პატარიძის რაჭული“ დამფუძნებელმა, შორენა პატარიძემ, განაცხადა.

პატარიძის თქმით, მთავრობა სუბსიდიაში ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს, როცა ეს თანხები არავის არაფერში ეხმარება, რადგან საქმე კომპლექსურ და სხვა სახის პრობლემასთან გვაქვს.

„მიმაჩნია, რომ სახელმწიფო სუბსიდიაში ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავს და ეს არავის არაფერში არ ეხმარება. რეალურად, პრობლემა სხვა რამეშია, გლეხსაც და მეღვინესაც სხვა დახმარება სჭირდება და არა ფულის ჩუქება.

მეორე მხრივ, ამ ეტაპზე, სუბსიდირების შეჩერება კარგად არც ერთ კომპანიაზე არ აისახება, იმის მიუხედავად, დიდია თუ პატარა. ეს შეეხება ყველას და განსაკუთრებულად შოკური ეფექტი პირველ წელს ექნება.

ის ადამიანები, ვინც ყურძენს ვყიდულობთ, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან გასულ წელს გლეხისგან 1 კილოგრამ ყურძენს ვყიდულობდით 8 ლარად, რომლიდანაც 4 ლარს სახელმწიფო იხდიდა, 2023 წელს საერთოდ 3-ს ჩვენ ვიხდიდით და 5-ს - ისინი. სუბსიდირების არარსებობის პირობებში, 8 ლარის გადახდა ძალიან გაგვიჭირდება.

გლეხის მხრიდანაც რომ შევხედოთ, 8 ლარი არის ის ფასი, რომლის მიღებაც მათ სჭირდებათ, რათა წლის განმავლობაში გაწეული შრომა და ხარჯები დააკომპენსირონ. ეს თანხა რომ დაიწიოს, დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა ყურძნის მოყვანას უბრალოდ შეწყვეტს და ეს ქართული ღვინის წარმოებაზე აისახება.

რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, თითქოს გლეხს, სუბსიდირების გაუქმებით, ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა და ეს ხარისხზეც დადებითად აისახება, ეს ასე არაა და არის პირიქით. ძალიან კარგად ვიცი ყველა ის პროცესი და თავისებურებები, რაც წლის განმავლობაში ყურძნის მოვლა-მოყვანას უკავშირდება, რადგან წლებია ამ საქმეში უშუალოდ ვარ ჩართული და 3 ვენახს ვუვლი. აქამდეც სერიოზული გამოწვევა იყო, რომ ვენახისთვის მიგეხედა, რადგან პრაქტიკულად იგივე ხარჯი გამოდის, რასაც შემდეგ მისგან შემოსავალს იღებ“, - აღნიშნა შორენა პატარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

bpn.ge