სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების მართვის ჰოლდინგის SRG Real Estate-ს 2022 წლის შემოსავალი 70%-ით 246 მლნ ლარამდე გაიზარდა.

კომპანიის მოგება, რომელიც საქართველოში მაღალი კატეგორიის სასტუმროებსა და კაზინოების ქსელს მართავს,  2021 წელს არსებული 2.4 მილიონი ლარიდან 2022 წელს 45.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

SRG Real Estate-ის საერთო შემოსავლებიდან დაახლოებით 63% მოდის სათამაშო ბიზნესის შემოსავლებზე, 34% სასტუმროს შემოსავლებზე, ხოლო 3% სხვა შემოსავლებია.

კომპანიის აქტივები 883 მილიონ ლარს შეადგენს, მისი ვალდებულებები კი 323 მილიონი ლარია. კომპანიაში 1,800-მდე ადამიანს ასაქმებს, რომელთა ხელფასებზე 2022 წელს 87 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„2023 წელს ჯგუფის მთავარი ფოკუსი იქნება შემოსავლების დივერსიფიცირება საცხოვრებელი და დასასვენებელი სახლების სექტორში შესვლით. ამ მიზნით განიხილება ორი პროექტი აჭარაში: „სილქთაუერსი“ ბათუმში და „ბოტანიკო მწვანე კონცხზე“. სილქთაუერსის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2024 წელს. რაც შეეხება კომპლექსს „ბოტანიკო მწვანე კონცხი“ მისი მშენებლობა დაიწყო 2020 წლის შემოდგომაზე და სრულდება 2023 წლის ზაფხულში.

პარალელურად ჯგუფის გეგმებშია არსებული პოზიციების გაძლიერება თბილისში და კახეთში. ამ მიზნით 2021 წელს თბილისში უკვე გარემონტდა სასტუმროს საცხოვრებელი ოთახები, ხოლო კახეთში მოხდა დამატებითი ინვესტიციების განხორციელება „რედისონ კოლექშენის“ სასტუმროში.

ახალი ინვესტიციების კუთხით 2023 წელს ჯგუფმა დაიწყო რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ტელეგრაფის“ სარემონტო სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება ჯგუფის თბილისის აქტივების კლასტერი პირველი რესპუბლიკის მოედნის ირგვლივ“,- ნათქვამია ანგარიშში. 

კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია არის „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“.