ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდა აღნიშნული შეთანხმების განახლებაზე პირველი კონსულტაცია. სხდომა ჩინეთში, ქალაქ პეკინში გაიმართა.
ერთობლივ კომისიას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა გენადი არველაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კი - კომერციის ვიცე-მინისტრი იან ტუნგი.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„საქართველო მზადაა გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთთან მრავალ სფეროში, მათ შორის ვაჭრობაში. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ უკვე შეასრულა გადამწყვეტი როლი ვაჭრობის ხელშეწყობაში, ბიზნეს კავშირების გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში. 2024 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,916 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 17%-იანი ზრდაა. ჩინეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად, მე-4 ადგილს იკავებს და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 8,1%-იანი წილი უკავია,“ - განაცხადა გენადი არველაძემ სხდომაზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებები შეთანხმებაში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას. მისი თქმით, შეთანხმების მოდერნიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.
სხდომაზე მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკების მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულების მოლოდინი დააფიქსირეს. ასევე ხაზი გაესვა, რომ შეთანხმების გაფართოება უფრო მოქნილს გახდის შესაბამის მექანიზმებს აღნიშნული მიმართულებებით, მათ შორის, მხარეებმა მუშაობა დაიწყეს ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე დაშვების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით.
საქართველოსა და ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წელს ამოქმედდა და მიმართულია ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისკენ.
კომისიის სხდომაზე ასევე დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს