„ერთ ჰექტარზე პლანტაციის გაშენება 70-დან 90 ათას ლარამდე ჯდება - დამოკიდებულია გარემოზე, კლიმატსა და ნიადაგში წინამორბედი კულტურის თვისებებზე“, - ლურჯი მოცვის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს აგრარული გაერთიანების დამფუძნებელი, ვალერი გორგიშელი, საუბრობს.
ფერმერის თქმით, ლურჯი მოცვის ბიზნესში ჩართვის პირველი ეტაპი სათანადო ნიადაგის შერჩევაა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, შემდეგ კი მცენარის ნიშან-თვისებების ცოდნა და სწორი მუშაობაა საჭირო.
„ერთ ჰექტარზე პლანტაციის გაშენება 70-დან 90 ათას ლარამდე ჯდება - დამოკიდებულია გარემოზე, კლიმატსა და ნიადაგში წინამორბედი კულტურის თვისებებზე. ცალკე ხაზს გავუსვამ, რომ ისეთ მიწებს, სადაც მოცვის მოსაყვანად ბუნებრივად კარგი პირობებია, საკმაოდ დიდი ფასი დაედო, რაც პირველადი საინვესტიციო თანხის რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის.
სრული მსხმოიარობის პირობებში, ჯიშებიდან გამომდინარე, ჰექტარზე 6-7 ტონიდან 10 ტონამდე მოსავლის მიღება შეგვიძლია. რაც შეეხება ფასს, მაგალითად, 2024 წელს ჩასაბარებელი ფასი 8.5 აშშ დოლარიდან დაიწყო, სეზონის ბოლოს კი 5.5 აშშ დოლარი იყო, საშუალოდ რომ ვთქვა, უფრო მეტად, 6.5-7 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, ამ ფასების გათვალისწინებით, ჰექტრიდან სრული წლიური შემოსავალი 50-დან 60 ათას აშშ დოლარამდე გამოდის. მაცდური ციფრები და მაცდური მოცემულობაა, თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ შედეგზე გასვლა მხოლოდ სათანადო ცოდნისა და მუშაობის წყალობით არის შესაძლებელი.
რენტაბელურობის მხრივ, საქართველოს პირობებში „გალაქსის“, „კოლიბრს“, „ლეგასისა“ და „სვითჰართის“ ჯიშებს გამოვარჩევდი. თუმცა, „ლეგასის“ ბევრი უკმაყოფილო ფერმერიც ჰყავს, რადგან მას კლიმატთან შესაბამისობა ახასიათებს და არის ადგილები, სადაც დიდ მსხმოიარობაზე ვერ გადის. ასევე, პრობლემა იყო ისიც, რომ პოლონეთიდან ამ ჯიშის ძალიან დაბალი ხარისხის უამრავი ნერგი შემოვიდა და რეპუტაცია ამანაც გაუფუჭა
ასე რომ, ძალიან პერსპექტიული, ბიზნესისთვის მიმზიდველი და შემოსავლიანი კულტურაა, თუმცა სპეციფიკური და ყურადღების მოყვარული მცენარეა. შესაბამისად, თუკი კარგად არ იცნობ და მოვლის პროცესშიც რაღაცას არასათანადოდ გააკეთებ, შედეგიც შესაფერისი გექნება“, - ამბობს საქართველოს აგრარული გაერთიანების დამფუძნებელი.