საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის შეფასებით, ქვეყნის ჰიდროენერგეტიკას იმდენად აქვს იმიჯი დაზიანებული, რომ ინვესტორები ამ მიმართულებით ინვესტიციებს არ დებენ და უფრო მეტად ქარის და მზის ენერგიებში ინვესტირებით ინტერესდებიან. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათ შორის, შეჩერებული ევროინტეგრაციის გავლენაზე ინვესტორების მოზიდვის პროცესში, მაია მელიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი აზრს არ იცვლის და ამბობს, რომ საჭიროა, ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა. ასევე, მაია მელიქიძეს მიაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში, როცა საინვესტიციო იმიჯი დაზიანებულია, დიდი ჰესები სახელმწიფომ უნდა ააშენოს და შემდეგ გაყიდოს. „სხვა გამოსავალი არ ჩანს“ - ამბობს ის. კიდევ ერთი საკითხი, რასაც მაია მელიქიძე „წერტილთან“ ინტერვიუში შეეხო, ახალი ჰესების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლის გზებია. „მოსახლეობაში არსებულ ყველა არაპოპულარულ კითხვას პასუხები უნდა გაეცეს“ - ეს არის „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკური ბლოკისადმი მაია მელიქიძის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.

- რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, თქვა, რომ სადაც სახელმწიფოს სჭირდება, ყველა [ჰესი] აშენდება და ვიქნებით პრინციპულები. მსგავსი სიტყვები სხვა ყოფილი პრემიერებისგნაც ბევრჯერ მოგვისმენია. თქვენი დაკვირვებით და შეფასებით, ენერგეტიკაში მთავრობის მხრიდან საქმე უფრო ჭარბობს თუ ლაპარაკი?

- გასაკეთებელი ბევრია და ეს ფაქტია. ჩვენ სიტყვას შევაფასებთ თუ საქმეს, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ფაქტია ის, რომ წლიდან წლამდე 3%-დან 5%-მდე იზრდება მოხმარება. ფაქტია ის, რომ ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება; იზრდება დამონტაჟებული კონდენციონერების რაოდენობა; იზრდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და კერძო სახლების რაოდენობა; იქმნებიან ახალი ბიზნესები და შესაბამისად, [ენერგეტიკის თვალსაზრისით] საჭიროა ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან რა ვუყოთ გაზრდილ მოხმარებას?! - რაღაცით უნდა დავაკმაყოფილოთ და ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმპორტისა. ამ შემთხვევაში კი, ორი გზა გვაქვს - ან შემოვიტანოთ ელექტროენერგია, ან ვიყიდოთ გაზი და მისგან ვაწარმოოთ ელექტროენერგია, ამიტომ ეს გადაწყვეტილებებიც მისაღებია...

- წლები გადის და ძირითადად, მხოლოდ განცხადებები გვესმის. გვახსოვს, 2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება, რომ დიდ ჰესებს სახელმწიფო ააშენებსო, თუმცა 2025 წელია და არცერთ შეჩერებულ პროექტზე [ნენსკრაჰესი, ხუდონჰესი, ნამახვანჰესი] კონკრეტული არაფერი მსმენია. დიდი პროექტების მოდიფიკაციაზე თქვენ მაინც გსმენიათ რამე?

- ჩვენ სერიოზული დარტყმა მივიღეთ იმიჯის თვალსაზრისით, როცა ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტი გაწყდა...

- ეს არ იყო მხოლოდ დარტყმა საინვესტიციო იმიჯზე. როგორც ცნობილია, ENKA - საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა მოიგო და შესაძლოა, 1 მილიარდ ლარზე მეტის გადახდა მოგვიწიოს ბიუჯეტიდან...

- დიახ... ამდენად, ერთია ფინანსური ზარალი, რომელიც მივიღეთ და მეორე საკითხია სხვა ინვესტორების დაინტერესება, რომელიც არ იქნება, თუ ასეთი ტიპის ბევრი მაგალითი დაგროვდა. ნამახვანჰესის“ ნეგატიური მაგალითის გამო, შესაძლებელია, სხვების მხრიდანაც ინტერესი შემცირდეს, ამიტომ სად ვნახოთ გამოსავალი?! ვფიქრობ, როგორც ქარის ელექტროსადგური ააშენა სახელმწიფომ - სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, EBRD-ის დახმარებით და შემდეგ გაყიდა, ამ შემთხვევაშიც ეს შეიძლება იყოს გამოსავალი - ჩვენ უნდა ავაშენოთ, სხვა გზას ვერ ვხედავ თუ არ გამოჩნდნენ ახალი ინვესტორები, ვისთანაც მოლაპარაკებები ადეკვატურ ფორმატში გაიმართება. ახლა თქვენ მკითხავთ - გადასახადების გადამხდელების ფულით უნდა ავაშენოთ ახალი ჰესები?! სწორი კითხვაა, მაგრამ სხვა გამოსავალი გვაქვს?! [ამიტომ უნდა ავაშენოთ] და შემდეგ შესაძლებელია, გავყიდოთ...

- დავუშვათ, გვაქვს ფინანსური რესურსიც, რომ სახელმწიფომ ააშენოს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ როგორ ფიქრობთ, გაბედავს დღეს ქართული ოცნება“ ან მარიამ ქვრივიშვილს თუ ირაკლი კობახიძეს აქვთ ის ლეგიტიმაცია და პატივისცემა საზოგადოებაში, რომ მაგალითად, ავიდნენ სვანეთში და ადგილობრივ მოსახლეობას ნენსკრაჰესის“ და ხუდონჰესის“ აშენების აუცილებლობაზე ესაუბრონ?!

- უნდა ვესაუბროთ... ჩვენ, GREDA-ს, ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და მარტივი არაა, ძალიან მტკივნეულია. 11 რეგიონიდან უკვე 10 მოვიარეთ და 12 შეხვედრა გავმართეთ; ურთულესი იყო მოსახლეობასთან საუბარი, მაგრამ ეს არის ნორმალური და ამაში არანორმალურს არაფერს ვხედავ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამანგრეველ ჰესებზე“ სტიგმა იმდენად არის ადამიანებში გამჯდარი, რომ ძალიან რთულია მოსახლეობა გადაარწმუნო, ამიტომ იქ [ადგილზე] პროფესიონალები უნდა მივიდნენ, რათა აუხსნან მოსახლეობას ჰესების საჭიროება და ყველა არაპოპულარულ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

- ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობიდან ვინმე გახსენდებათ, ვინც ეს გააკეთა?

- ამის შედეგია ის, რომ ჰესებს ვერ ვაშენებთ - ეს ხომ ფაქტია. ჰიდროენერგეტიკაში დღეს ფულს არავინ დებს... შარშან რამდენი ჰესი ამუშავდა? - ჯამში, ენერგეტიკულ ქსელს სულ რაღაც 50 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე შეემატა, რაც ძალიან პატარა მაჩვენებელია. ამდენად, თქვენ კითხვებს თქვენვე სცემთ პასუხს.

- თქვენ ახსენეთ, რომ ნამახვნაჰესის“ მაგალითმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკას საინვესტიციო იმიჯი კიდევ უფრო დააზიანა. როგორ და თუ აისახა ინვესტორების აპეტიტზე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება?

- ინვესტორებმა სტრატეგია შეცვალეს...

- რას გულისხმობთ?

- აღარ დებენ ინვესტიციებს ჰიდროენერგეტიკაში და უფრო მზის და ქარის პროექტებით ინტერესდებიან. გვექნება 206-მეგავატიანი ქარის სადგური, 50-მეგავატიანი მზის სადგური - შემდეგი 2 წლის განმავლობაში მზის და ქარის მიმართულებით ბუმს ველოდებით. ჩატარებული CFD აუქციონების შედეგად სულ 495 პროექტია გამარჯვებული, რომელთა ჯამური სიმძლავრე 11 200 მეგავატია, საიდანაც 6000 მეგავატი არის მზის სადგური, 4000 მეგავატი - ქარის და სულ რაღაც 1000 მეგავატი არის ჰიდრო, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია. [ჰიდროენერგეტიკის] ინვესტორებმა სტრატეგია შეცვალეს და სხვა მიმართულება აირჩიეს. ბიზნესი ყოველთვის შეეცდება ლავირებას, რათა ამ მოცემულობაში გამოსავალი იპოვოს. ჩვენ, ინტერესის სფერო გავხდით, ძირითადად, ჩინელებისგან - ჩინური ინვესტიციები უფრო დიდი დოზით შეიძლება შემოვიდეს მზის და ქარის გენერაციის ობიექტებში. რაც შეეხება ევროპელებს, ახალი ინვესტიციების ჭრილში ისინი სერიოზულ კვლევებს ატარებენ. მათი ყველაზე დიდი დაინტერესება არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რადგან ზუსტად და კარგად იციან, რა ფასია ელექტროენერგიაზე ევროპაში და რა ფასად შეიძლება

- მთავარი მიზეზი მაინც ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირების მიმართულებით არსებული გაფუჭებული იმიჯია?

- რა თქმა უნდა. GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, დღემდე არაა მიღებული....

- აღიშნული კანონპროექტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება...

- ნამდვილად. თუნდაც ეგ არის თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი [რატომ არ იდება ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციები], რატომაც ხალხმა ვერ დაინახა, ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რა სარგებელს მიიღებენ ისინი...

- თქვენ მაინც თუ მიიღეთ დამაჯერებელი პასუხი მთავრობისგან, რატომაც GREDA-ს კანონპროექტი წლებია კანონად ვერ იქცა?! რატომ ვერ მოიძებნა გამოსავალი?

- დიდი იმედი მაქვს, ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი ამ ნაწილში გვერდში დაგვიდგება და ამ კანონპროექტის მიღებას შევძლებთ

bm.ge