„თუ ჩინური კაპიტალი შემოვა საქართველოში, ეს იქნება კარგი, მაგრამ გახდება სახიფათო იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ჩინური კაპიტალის შემოდინება მოხდება“, - ამის შესახებ ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს.

შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდის პოტენციალი არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ აქვს მოლოდინი, სამომავლოდ საქართველოში მეტი ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ.

როგორც გოგა ხიშტოვანი აღნიშნავს, თუ ქვეყანაში მხოლოდ ჩინური კაპიტალის შემოდინება მოხდება და საქართველოს დამოკიდებულება ჩინეთზე გაიზარდა, ქვეყანას საკუთარი სახელმწიფო ინტერესების გატარება გაუჭირდება.

„თუ ჩინური კაპიტალი შემოვა საქართველოში, ეს თავისთავად იქნება კარგი, მაგრამ გახდება სახიფათო იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ჩინური კაპიტალის შემოდინება მოხდება და საქართველოს ბიუჯეტი, სახელმწიფო თუ ბიზნეს ერთეულები დამოკიდებულები გახდებიან ჩინურ კაპიტალზე. როგორც წესი, ჩინეთს აქვს საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და ამ სახელმწიფო ინტერესებს ექვემდებარება მისი ბიზნეს ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, რისკი, რომ ჩინეთმა უფრო დიდი და გადამწყვეტი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს საქართველოში, გაიზრდება.

საქართველოში ჩინური კაპიტალის შემოსვლა თავისთავად არის მისასალმებელი. მთელი მსოფლიო ვაჭრობს და აკეთებს ბიზნესს ჩინეთთან, ამის გარეშე ბიზნესის კეთება მსოფლიოში უკვე წარმოუდგენელია. თუმცა, მე ვხედავ რისკს, მხოლოდ ჩინური კაპიტალის შემოდინების კუთხით. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენი დამოკიდებულება ჩინეთზე მყისიერად გაიზრდება, რაც არ არის სასურველი, რადგან შესაძლოა, გაგვიჭირდეს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გატარება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გოგა ხიშტოვანმა.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 6.217 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი მაშინ, როცა 2023 წელს ჩინეთიდან პირდაპირმა ინვესტიციებმა 98.987 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2014 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

bpn.ge