სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, როცა ქვეყნის შუქი სხვა სახელმწიფოს ხელშია, ბნელი მხოლოდ ღამე არ არის. ენერგოდამოკიდებულება არც მხოლოდ ეკონომიკური სირთულეა და არც მხოლოდ ტექნიკური პრობლემა — ეს არის პირდაპირი გავლენა ქვეყნის სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე და მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ისტორიამ არაერთხელ დაგვანახვა, რომ ენერგოდამოუკიდებლობის არქონა შეიძლება იქცეს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სტრატეგიულ საფრთხედ, რომელსაც სახელმწიფოები ხანგრძლივად ვერ უმკლავდებიან. ისტორიაში ღრმად რომ არ შევიჭრათ, შეგვიძლია ჩვენი დროის, უკანასკნელი წლების მკაფიო მაგალითიც მოვიყვანოთ.

ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულების ნათელი მაგალითი მოლდოვაა. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა წლების განმავლობაში და განსაკუთრებით 2025 წლიდან აქტიურად ცდილობს  იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოსისტემის დივერსიფიკაციას, გასული წლების მანძილზე მათ სერიოზული პრობლემები მაინც შეექმნათ. უნდა აღინიშნოს, რომ  მოლდოვის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ისტორიულად მოდიოდა დნესტრისპირეთის რეგიონში მდებარე Cuciurgan-ის თბოელექტროსადგურიდან, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

2022 წელს დნესტრისპირეთიდან მოლდოვაზე ენერგიის მიწოდება შემცირდა ან გაჩერდა პოლიტიკური და ტექნიკური მიზეზებით. ამ პროცესმა მოლდოვა სერიოზულად დააზარალა, იმდენად რამდენადაც, აღნიშნული წყაროებიდან მიღებული ენერგია მთლიანი იმპორტის მთავარი შემადგენელი კომპონენტი იყო. Cuciurgan-ის თბოელექტროსადგური 2024 წლის მონაცემებით აწარმოებს მოლდოვას საერთო ელექტროენერგიის 75 %-ზე მეტს. ეს თბოელექტროსადგური რუსული კომპანია, Inter RAO UES-ს კონტროლქვეშაა. აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების გამო  მოლდოვას მოუწია ძვირად ღირებული იმპორტის განხორციელება რუმინეთიდან, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგიის ფასები მოსახლეობისთვის და გამოიწვია დროებითი გათიშვები. თვითღირებულების  დონეზე ელექტროენერგიის საშუალო ფასი მოლოდინის მიხედვით გაიზარდა, კერძოდ  2024 წელს 90 €/MWh- დან, 2025 წლის იანვარში — 130 €/MWh-მდე. ბუნებრივია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას შესაბამისი ზეგავლენა ინფლაციაზეც ჰქონდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში ინფლაციის თვიურ ჭრილში ზრდამ 2.8%, წლიურმა ზრდამ კი 9.1% შეადგინა.

აღნიშნული მაგალითი ნათლად გვიჩვენებს თუ რაოდენ დიდი გამოწვევები შეიძლება შეექმნას ქვეყანას მაშინ, როდესაც ისეთი სტრატეგიული პროდუქტი, როგორიც ელექტროენერგიაა იმპორტზეა დამოკიდებული. აქ აღსანიშნავი მომენტი ისიცაა, რომ მსოფლიოში მუდმივად ხორციელდება გარკვეული ძვრები, რაც იგივე ელექტროენერგიაზე ფასების სტაბილურობას უშლის ხელს. სწორედ მოლდოვის მაგალთზე კარგად ჩანს თუ როგორ შეიძლება გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შენზე ნეგატიურად იმოქმედოს. აქვე აღსანიშნავია ერთ მნიშვნელოვანი მომენტიც, კერძოდ, ენერგიაზე აღნიშნული ფასების მატება საბოლოო მომხმარებელზე მოქმედებს. იგივე ბიზნესს, როდესაც ხარჯები ეზრდება, იგი პროდუქციასაც აძვირებს, რათა თავისი მოგების მარჟა შეინარჩუნოს. გაძვირებულ პროდუქტში კი ფასს საბოლოო მომხმარებელი იხდის. შესაბამისად, ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების რისკს მთლიანად მოსახლეობა იღებს საკუთარ თავზე.

ენერგმოდამოუკიდებლობის არარსებობა რომ გამოწვევაა, ამას სხვა ქვეყნების მაგალითიც ნათლად აჩვენებს. იგივე ლიბანს  პრაქტიკულად არ გააჩნია ადგილობრივი ენერგორესურსები და იმპორტზეა დამოკიდებული. 2024 წლის 17 აგვისტოს, Électricité du Liban-ის (EDL) საწვავის მარაგი მთლიანად ამოიწურა, რამაც ქვეყანა დაუცველი დატოვა პრობელემების წინ.  დაიწყო დენის გათიშვების მასშტაბური კრიზისი. ამ კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა სოციალური პრობლემები.  რიგით ოჯახების მოუწიათ დეფიციტურ ენერგიაში უფრო მეტი თანხის გადახდა, რამაც ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა.

მოცემული მაგალითები აჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ენერგიის მომწოდებელი ქვეყნები არასტაბილური გარემოთი გამოირჩევიან. ამ ყველაფრის პარალელურად ასევე ცნობილია საქართველოს მთავრობის გეგმაც, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 2030  წელს ენერგოდამოუკიდებელი უნდა გახდეს. ცხადია ამის პოტენციალი არსებობს, თუმცა მას აქტიურად ათვისება უნდა, მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ჰესების მშენებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებისა და პოტენციალის ფონზე ნელი ტემპით ვითარდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ჰესების მშენებლობის პოტენციალის მაქსიმუმ 25-27% აქვს ათვისებული, რაც სიგნალია, რომ იმპორტდამოკიდებულობის შესამჩირებლად უფრო სწრაფი ნაბიჯებია საჭირო.