„2008 წლის შემდეგ, რაც საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი გაჩნდა, მას 108 000%-იანი ზრდა აქვს, რაც კოლოსალური რიცხვია. არც ერთ სხვა ბიზნესს, დროის ასეთ მონაკვეთში, ასეთი ზრდა არ აქვს“, - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“, აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას შეფასებით, ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რის დასაძლევადაც, ცნობიერების ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ეს სოციალური პრობლემაა, რადგან პირდაპირ ადამიანების ფსიქიკიდან მოდის, ჩვენთან კი ლუდომანებს უყურებენ არა როგორც დაავადებულ ადამიანებს, არამედ როგორც ცუდ ადამიანებს. ასეთი სტიგმა არსებობს, რაც მათ კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს და თავიანთ პრობლემაზე საუბარი კიდევ უფრო უჭირთ.

შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ზრდასა და ამ პრობლემასთან რეალურ ბრძოლას. მეტი უნდა გააკეთოს როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ, რომელიც ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ამყოფებს, რაც ვითარებას ძალიან, ძალიან ართულებს

საქართველოში პირველი ონლაინ სათამაშო სივრცე 2008 წლიდან ჩნდება და მას შემდეგ გასაოცარი მასშტაბის ზრდა აქვს - 108 000%-იანი! კიდევ ერთხელ ვიტყვი - 108 ათასი პროცენტი! ასეთი მასშტაბით, დროის მსგავს მონაკვეთში, არც ერთი ბიზნესი არ იზრდება, არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი ბოლო მონაცემით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 76 მლრდ ლარს შეადგენდა. კოლოსალური ზრდა და კოლოსალური რიცხვებია, რომლებიც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და მიუთითებს“, - ამბობს ბესელია.

აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ამჟამად 300 000 თამაშდამოკიდებული ადამიანია.

„საქართველოში დაახლოებით 300 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ თამაშდამოკიდებულება ფსიქიკურ პრობლემად ჯერ კიდევ 1975 წელს აღიარეს, მასთან სისტემური ბრძოლა დაახლოებით ბოლო 15 წელია დაიწყო, რადგან თამაშის გლობალურად გავრცელება იწყება 2010 წლიდან, როცა თამაშის შესაძლებლობა ონლაინში გაჩნდა, თანაც, უამრავი ალტერნატივით“, - განაცხადა ბესელიამ.

წყარო: bpn.ge