ქართველი მეწარმეებისთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი დარჩია აღნიშნავს, უცხოეთში განსაკუთრებით პოპულარულია ქართული მოცვი, ნატურალური წვენები, თხილი, და ღვინო.

გიორგი დარჩიას ინფორმაციით, თხილის მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე დიდი კონკურენციაა, თუმცა ქართული პროდუქტი თავისი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

"2024 წელს 8 საერთაშორისო გამოფენა გვქონდა. მსოფლიო ბაზრის დივერსიფიცირებას ვაკეთებთ, რაც ქვეყნისთვის აუცილებელია. 2025 წელი ბერლინში დავიწყეთ, ევროკავშირში 3 გამოფენა გვქონდა, ბერლინში კი 2, მერე ჰოლანდია და ახლა მადრიდს ვიმატებთ. ასევე აღმოსავლეთის ბაზარს საუდის არაბეთს ვფარავთ, ასევე ჩინეთს უკიდურეს დასავლეთს - ჩიკაგოს. წელს, სულ 9 გამოფენა გვაქვს, აქედან 5-ზე ნამყოფი ვართ. წელს ჩვენთან ერთად 35 უნიკალური მეწარმე, ბენეფიციარი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო "ტრენდებს" ეცნობიან, ურთიერთობებს ამყარებენ, ხედავენ რა პროდუქტია მოთხოვნადი, გამოფენებზე გაყიდვის პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ.

პოპულარულია მოცვი, ნატურალური წვენები, თხილში გვაქვს უპირატესობები. ქართული თხილი თავისი თვისებებით გამოირჩევა - ძლიერი სექტორია, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე გადამუშავებაში. ასევე ღვინოა პოპულარული. მინდა გითხრათ, რომ გამოფენიდან გამოფენამდე ქართველი მეწარმეები ჩვენთან ერთად იზრდებიან.

უახლოეს გამოფენას, რაც შეეხება ჩინეთშია. ასევე მივდივართ საუდის არაბეთში, მადრიდში, ამავდროულად წლის ბოლოს ჩიკაგოში მივდივართ. ყველა ქვეყანას და ყველა მწარმოებელს თავისი ნიშა აქვს, ამიტომ პრობლემები არ გვექნება. კერძოდ, გვაქვს პროდუქტები, სადაც ძლიერები ვართ, მზარდი ქართველი წარმოებლები გვყავს, ამიტომ ჩვენს სათქმელს ჩიკაგოს გამოფენაზეც ვიტყვით", - აღნიშნავს გიორგი დარჩია.